კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოსა და უნიკრედიტ ბანკ ავსტიას შორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა.
აღნიშნული ხელშეკრულების მეშვეობით საქართველო 10 მილიონ ევროზე მეტ უპროცენტო სესხს მიიღებს, რომელიც გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროს და გონდოლას მიწოდების, საინჟინრო მომსახურების, აწყობის, ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებას მოხმარდება. სესხის დაფარვის ვადა 15 წელია, ხოლო სათხილამურო საბაგირო ექსპლოატაციაში ამ წლის ბოლოს, ზამთრის სეზონისათვის უნდა შევიდეს.
კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კანონპროექტები, მათ შორის საბოლოო – მესამე მოსმენით: "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ” და მისი თანმდევი კანონპროექტები; "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის მიხედვით ცვლილებები სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონებში შედის; "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. ამ კანონპროექტების მიმართ კომიტეტის წევრებს რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კანონპროექტები "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” კი მეორე მოსმენით განიხილეს. შენიშნები არც ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოთქმულა.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა ყველა განხილული საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.