საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრებს შეხვდა

20 ივნისი 2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრებს შეხვდა

1q19პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრები მიიღო. დავით ბაქრაძე ბუნდესტაგის წევრებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობაზე ესაუბრა. შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გიორგი გაბაშვილი და აკაკი მინაშვილი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან – გია თორთლაძე.

სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ რეგულაციების შესახებ, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე საზოგადოებრივი ინიციატივების დაყენება და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ხდება. გერმანიის პარლამენტის წევრებმა ქართულ მხარეს საზოგადოებიდან მომართვების, წერილების და ინიციატივების განხილვის თაობაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის პარლამენტის წევრების ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.