ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

05 დეკემბერი 2017
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.

კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების ხუთწლიანი ვადის ათწლიანით შეცვლას ითვალისწინებს. ავტორს მიაჩნია, რომ ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიან ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება უნდა მოხდეს. კანონპროექტის პათოსს დეპუტატები ეთანხმებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად გასამართია, რის გამოც კომიტეტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. როგორც სხდომაზე ითქვა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის და სამართლებრივად გამართული, დახვეწილი კანონპროექტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ცალკე განიხილა რამდენიმე საკითხი. კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მუშაობაში მონაწილეობდეს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე

დღესვე დეპუტატებმა განიხილეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“/ 

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა დღეისათვის არსებულმა უსახლკარო პირთა პრობლემამ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს საცხოვრისი, მათ რიგს ასევე დაემატა უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი. 

სოფო კილაძემ კანონპროექტების ინიციატორს შესთავაზა ერთობლივი ძალებით იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე. „თანადგომას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სახლი დაკარგა, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც ძალიან დიდ დაკვირვებას საჭიროებს. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ამ ადამიანებს გაუუმჯობესდეთ მდგომარეობა, ხოლო საფრთხის წინაშე მდგომ მოქალაქეებს ავარიდოთ აღნიშნული საფრთხე. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ საკითხზე და შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალები“, - მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარეს კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტების ერთობლივად შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 5 დეკემბერი