ანრი ოხანაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება

10 აპრილი 2019

ანრი ოხანაშვილი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიწვევითა და დაფინანსებით, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის გერმანული მოდელის გაცნობა სამართალდამცავი ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა გერმანიის იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ სამინისტროში, გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს ფედერალურ სამინისტროში, მონაცემთა დაცვისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური რწმუნებულის ბიუროში.

მომდევნო დღეებში შეხვედრები დაგეგმილია ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტში, გერმანიის ბუნდესტაგის G10 კომისიაში, კონსტიტუციური დაცვის უწყებაში, ბერლინის გენერალურ პროკურატურასა და ბერლინის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში.

ანრი ოხანაშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტში მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.