ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემები განიხილეს

22 ოქტომბერი 2010
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემები განიხილეს

"საქართველოს კლიმატის კვირეულის" ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში  გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც  სქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემების განხილვა წარმოადგენდა.

საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემაზე და ამ მიმართულებით აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა, გრიგოლ ლაზრიევმა ისაუბრა. გაიმართა დიალოგი ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამაზე, ენერგოეფექტურობის საკითხებზე და მომავალი შეხვედრის თემებზე.

შეხვედრაში  უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე  არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრსა და მწვანეთა მოძრაობა - "დედამიწის მეგობრებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემურანდუმი  ინფორმაციების გაცვლას, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელის, ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილის, არჩილ ბაკურაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ   პარლამენტმა მიიღოს რეალური ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც შემდგომში კანონებში აისახება. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატები აღიჭურვონ ინფორმაციით და საერთაშორისო გამოცდილებით, რათა თავიანთ რეგიონებში შეაფასონ გარემოს დაცვითი მდგომარეობა და მის გასაუმჯობესებლად გეგმები დასახონ.