”დედაენის საზოგადოების” დაფუძნებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია

07 ოქტომბერი 2010
”დედაენის საზოგადოების” დაფუძნებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია

ქართული ენის გადარჩენისა და მისი განვითარებისთვის "დედაენის საზოგადოება" დაარსდა. საზოგადოების დამფუძნებლებმა პარლამენტის წევრმა, თამაზ კვაჭანტირაძემ და საქართველოს მთარგმნელების და თარჯიმნების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე საზოგადოების მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.

"დედაენის საზოგადოება" ქართული ენის განვითარებისთვის სპეციალურ კონცეფციას მოამზადებს. ასევე შეიმუშავებს სათანადო დარგობრივ ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს და სამახსოვრო ბუკლეტებს. საზოგადოება ქართული ენის მასწავლებლების მომზადება-გადამზადებაზეც იზრუნებს.

"გლობალიზაციის ხანაში ქართული ენა დადგა დამახინჯების, გადაგვარების, დაკნინებისა და განადგურების საფრთხის წინაშე. იგი წალეკა ბარბარიზმებმა, კალკამ, მიბაძვამ და ასევე სინტაქსურმა სიმახინჯეებმაც. ენა ერის ბურჯია და იგი შველას საჭიროებს", - ნათქვამია დედაენის დაცვის მანიფესტში.

საზოგადოება აქტიურად ითანამშრომლებს განათლების და მეცნიერების, კულტურის სამინისტროებთან და ყველა იმ პირთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ენის დაცვით.

თამაზ კვაჭანტირაძის ინფორმაციით, "დედაენის საზოგადოების" საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II უახლოეს მომავალში ორგანიზაციის პრეზენტაციას გამართავს.