გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

18 აპრილი 2017
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

მოხსენება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულება თავისი დანართებით, რომელიც დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ ქვეყნისთვის აუცილებელი შესასრულებელი გახდა, მოიცავს მოცულობით ნაწილს, რომელიც სწორედ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებს შეეხება გარემოსა და ბიუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში.
„ასოცირების ხელშეკრულების დანართები 29 დირექტივას მოიცავს, რომლებიც მიზნად ისახავს ბუნების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზებას, დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც თავისთავად, პირველ რიგში, ქვეყანაში გარემოსდაცვითი დემოკრატიის, როგორც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის უმთავრესი ინსტრუმენტის მოწესრიგებას გულისხმობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მან დეტალურად ისაუბრა მოკლევადიან გამოწვევებზე და იმაზე, თუ რა გააკეთა სამინისტრომ 2014 წლიდან გარემოს დაცვის სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე ისაუბრა უახლოესი მომავლისთვის, 2019 წლისთვის განსახორციელებელ გეგმებზე, რომლებიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში სამართლებრივი, ინსტიტუციური და ტექნოლოგიური რეფორმების თვალსაზრისით, პრაქტიკულად სრულიად ახალ მიდგომებს ეხება.

მომხსენებელმა ისაუბრა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელო რუკაზე, რომელიც ევროკავშირის მონაწილეობით მომზადდა და რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს ასოცირების ხელშეკრულების დანართებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. გარემოსდაცვით მმართველობასთან ერთად, საკითხი ეხება ჰაერის ხარისხს; წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების მართვას; ნარჩენების მართვას; სამრეწველო დაბინზურებას და საფრთხეებს; ქიმიური ნივთიერებების მართვას; კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებებს და სხვა. მისი თქმით საკითხები მასშტაბურია, სამინისტრო, მთელი მთავრობა დიდი ცვლილებების მოლოდინშია და სამინისტროსადმი პარლამენტის მხარდაჭერა მთელ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მოხსენების შემდეგ მინისტრის მოადგილემ კანონმდებელთა და კომიტეტების გარეთიანებულ სხდომაზე მოწვეული სტუმრების მრავალრიცხოვან კითხვას უპასუხა.

სხდომის დასასრულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კომიტეტში სახელმძღვანელო რუკის ცალკეულ მიმართულებებზე და თითოეული საკითხის გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებენ, წლის ბოლოს კი კიდევ ერთი გაერთიანებული სხდომა უკვე შესრულებული გეგმებისა და მიღწევების თაობაზე ინფორმაციის მოსმენას დაეთმობა.

გალერეა

  • garemo_(1).JPG
  • garemo_(3).JPG