გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

10 აპრილი 2019
გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრები გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბში გამართულ კონფერენციაში - „ხელოვნური ინტელექტი და რობოტიქსები“ მიიღეს მონაწილეობა.

UNICRI- სა და INTERPOL- ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს მუდმივმოქმედი მისიების, ნიდერლანდების სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით გაიმართა. კონფერენციის სამუშაო ფორმატი ორ პანელს მოიცავდა: „მომავალი, დღეს" და „გამოწვევების წინაშე".

შეხვედრაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და რობოტიქსების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება.

ყურადღება დაეთმო დანაშაულის, ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ზეგავლენის უპირატესობებს. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების ინტეგრირებას და პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა სისტემების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

„მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, კარგად ჩანს, რომ ეკონომიკურ პროგრესს დიდწილად უზრუნველყოფს ინოვაციები. ეს არის გამოცდილების, ინფრასტრუქტურის, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ცოდნის სინთეზი, რათა მივიღოთ სასურველი გარდაქმნები, ეკონომიკური მოთხოვნების შესაბამისად. ტექნოლოგიურ ინოვაციებს მივყავართ მწარმოებლურობის ამაღლებამდე, ამ პროცესში ადამიანის როლისა და ფუნქცია-დანიშნულებების შეცვლამდე, ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობათა ამაღლებამდე. ელექტრონიზაცია, კომპიუტერიზაცია და რობოტიზაცია ზრდის რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობებს, იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა სეგმენტის განვითარებას და სრულყოფას, აჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა შედეგების წინასწარ განსაზღვრის და რისკების შემცირების საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ამ სიახლეების მიღება და გაზიარება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები შეხვდენენ საქართველოს ელჩს გაეროში კახა იმნაძეს, სადაც საუბარი შეეხო მსოფლიოში ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებს და ამ გამოწვევებში საქართველოს როლს.

პარლამენტარებმა შეხვედრა, ქართული კულტურის ცენტრში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართეს.

გალერეა

  • გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, 2019 წლის 10 აპრილი
  • გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, 2019 წლის 10 აპრილი
  • გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, 2019 წლის 10 აპრილი