ნინო წილოსანმა საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

14 ივლისი 2017
ნინო წილოსანმა საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში თემაზე - სამართლიანობის ახალი ჩარჩოები - გენდერისა და კანონის გადაკვეთა.

დისკუსიაზე განხილულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის და მთლიანად, ქართული კანონმდებლობის გენდერული პერსპექტივა და ამ მიმართულებით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა და სამომავლო გეგმები. 

საჯარო დისკუსია 12 ივლისს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის თანამომხსენებლები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იუსირტთა ასოციაციის თავმჯდომარე - ანა ნაცვლიშვილი და პოლიტოლოგი - შოთა ხინჩაგაშვილი.

ნინო წილოსანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ქალებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარი აზრის დასამტკიცებლად. ისინი ნაკლებად გვხვდებიან ისეთ წამყვან პოსტებზე, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, იქნება ეს ტოპ მენეჯერის პოზიცია თუ პოლიტიკა. ეს კი მაშინ, როცა ქალი განსაკუთრებულად შრომისმოყვარეა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა აქვს.

ნინო წილოსანმა მიმოიხილა გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული ისეთ პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ადრეული ქორწინება, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება. საბჭოს წევრის განცხადებით, ეს არის ჩაკეტილი წრე და აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ სადაა პრობლემის სათავე. რაც შეეხება პრობლემების გადაჭრის უმთავრეს საშუალებას, ასეთად დეპუტატს კანონმდებლობის დახვეწა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიაჩნია.

„ქალების გაძლიერება და მათი პრობლემების დაძლევა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძლებთ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, თუკი არ გადაიჭრა გენდერული თანასწორობის პრობლემა“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმებიც, მათ შორის სამაგიდე კვლევის მომზადება, რომელიც მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირებას მოახდენს და რომელსაც დაეფუძნება ახალი ეროვნული კონცეფცია გენდერული თანასწორობის შესახებ. საბჭო ასევე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

გალერეა

  • ნინო წილოსანმა საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, 2017 წლის 14 ივლისი
  • ნინო წილოსანმა საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, 2017 წლის 14 ივლისი