პარლამენტის პლენარული სხდომა

28 სექტემბერი 2010
პარლამენტის პლენარული სხდომა


პარლამენტის წევრმა,  ჯონდი ბაღათურიამ დღევანდელი პლენარული სხდომის რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებები მიმდინარე კვირის ხუთშაბათს სამთავრობო საათის გამართვის მოთხოვნით დაიწყო, სადაც მისი თქმით,  "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიების სესხად გაცემის საკითხი უნდა განიხილონ.  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბაღათურიას განუმარტა, რომ ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით  თურქეთში მიემგზავრებიან, რის გამოც სამთავრობო საათის გამართვა მომავალი თვის ბოლო ხუთშაბათს გახდება შესაძლებელი. დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვის დაჩქარების მიზნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხდომას გამართავს, რომელზეც  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოიწვევენ.

დეპუტატმა, კობა ხაბაზმა  საზოგადოებას მოუწოდა ღიად გამოხატოს უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში ჩადიან და მმართველი ელიტის წარმომადგენლებს ხვდებიან.  მისი განმარტებით, ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული საზოგადოება მათ კრემლთან თანამშრომლობას შეეჩვია. მაგალითისთვის ხაბაზმა  კახა კუკავას და კობა დავითაშვილის  მოსკოვში ვიზიტი დაასახელა. "მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ  მათ ჟურნალისტის კითხვას  ცინიკური პასუხი გასცეს პრემიერი პუტინისგან დავალებების მიღების თაობაზე". ხაბაზს მიაჩნია, რომ  მათი ცინიზმი გარკვეულწილად  საზოგადოების ბრალია. "საზოგადოება ხელს ართმევს ადამიანებს, რომელთაც ხელი ქართველების და კავკასიელი ხალხის სისხლში აქვთ გასვრილი. საზოგადოებამ ოპოზიციის ამ ნაწილს უნდა  აგრძნობინოს, რომ  კოლაბორაციონიზმს არ შეეგუება",-განაცხადა კობა ხაბაზმა. მისივე მოსაზრებით, თუ საზოგადოება  ღიად არ შეაქცევს ზურგს ასეთ პოლიტიკოსებს,  რუსეთი კვლავ წითელი დროშით შემოვა საქართველოში ისევე,როგორც 1921 წელს, როცა მათ წინ მოუძღოდა რამდენიმე ვაი-ქართველი.  

ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა იმ შესწორებისთვის, რომელიც ვებგვერდ  "National Geografic”-ზე საქართველოს პარლამენტის სამართლიანი მოთხოვნით გაკეთდა. კერძოდ, აღნიშნულ ვებგვერდზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ოლქი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მოხსენიებული. შესწორების შემდეგ, "National Geografic”-ზე ღნიშნული ტერიტორიები მოიხსენიება, როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

"ქრისტიან-დემოკრატების" წარმოამდგენელმა, მაგდალინა  ანიკაშვილმა   ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის უმოქმედობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეფერალური პროგრამა პრაქტიკულად გაუქმებულია და მხოლოდ ფორმალურად არსებობს . "მთავრობის გადაწყვეტილებით, რეფერალური პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. ეს გულისხმობს, რომ ცალკეული ადამიანის ოპერაციის დაფინანსების საჭიროება ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ნაცვლად, მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს", -განაცხადა ანიკაშვილმა.მისივე  თქმით, ეს პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც არც ერთი სხვა პროგრამით არ არიან მოცულნი და რომელთაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროებათ.ანიკაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, მხარი დაუჭირონ საკითხის გარკვევის  და აღნიშნული პრობლემის მოგვარების დასაწყებად, რადგან  რეფერალური პროგრამის ბედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აღელვებთ.რეფერალური პროგრამის ბედს ვიცე-სპიკერი  ლევან ვეფხვაძეც გამოეხმაურა და მთავრობის ზემოაღნიშნულ  გადაწყვეტილებას "აბსურდული" უწოდა. ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, რამდენად  არ ენდობა ჯანდაცვისა სამინისტროს. 

საპარლამენტო უმრავლესობიდან "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ წამოჭრილ საკითხს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს პროგრამის ოპტიმიზაცია და ის ოქტომბრიდან  განახლდება.

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა დღევანდელ სხდომაზე პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების და  ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. კომისიის წევრები  ერთად შეამოწმებენ პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ ვითარებას და მათ გაუქმება-არ გაუქმების გადაწყვეტილებასაც ერთად მიიღებენ. ახვლედიანის  განცხადებით, საქართველოში არსებული ოცდათვრამეტი პროფესიული სასწავლებლიდან ჩვიდმეტი  გაუქმდა, ათასობით მოსწავლე სასწავლებლის გარეშე, ხოლო რვაასამდე მასწავლებელი უმუშევარი დარჩა. " ჩვენ  არა გვაქვს ილუზია, რომ პროფესიული სასწავლებლები გამართულად მუშაობდნენ, მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია მათი გაუქმების პროცესი", - განაცხადა ახვლედიანმა. მისივე განმარტებით, სამეგრელოში ოთხი პროფესიული სასწავლებლიდან მხოლოდ ერთი დარჩა ქალაქ ფოთში, რაც სამეგრელოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს  პროფესიული განათლების მიღებისთვის  სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის. ახვლედიანის განცხადებას განათლების  და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური გამოეხმაურა. ოჩიაურის თქმით, კაჭრეთში, ქობულეთსა და ფოთში შენდება პანსიონის ტიპის პროფესიული სასწავლებლები, სადაც სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ისწავლიან და იცხოვრებენ. " ჩვენი მიზანია, აღნიშნული სფეროს პრესტიჟულობის გაზრდა", - აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა. მისივე განმარტებით,  მხოლოდ ის პროფესიული სასწავლებლები გაუქმდა, რომელთა მდგომარეობა არაპერსპექტიული იყო.

"ქრისტიან-დემოკრატმა", ნიკოლოზ ლალიაშვილმა  განცხადებაში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი გააკრიტიკა, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს უკვე 58 შენიშვნა აქვს ჯერ კიდევ აუმოქმედებელ კოდექსთან დაკავშირებით. ლალიაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და თავისუფლების ინსტიტუტის პარალელურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად უნდა ჩაერთო  საპროცესო კოდექსის განხილვაში და ოპოზიციის შენიშვნები თუ არა, ადვოკატთა შენიშვნები მაინც უნდა  გაეთვალისწინებინა. ნიკოლოზ ლალიაშვილმა სისხლის სამართლის ძალაში შეუსვლელ საპროცესო კოდექსს "ინკვიზიციური" უწოდა და იმ სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც წინადადებების შემუშავებით  კოდექსს  "ინკვიზიციურობას" თავიდან ააცილებდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის,  ლაშა თორდიას განმარტებით, კოდექსზე შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ჩატარდა ორმოცამდე კონფერენცია და მის განხილვაში საზოგადოების საკმაოდ ფართო წრე და მრავალი სპეციალისტი იყო ჩართული. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტატებმა მოისმინეს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიში.  აღნიშნულ პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს   „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“   საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს, დანიშნავს და გაათავისუფლებს სტაჟიორებს.  ცვლილება შედის ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონშიც, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონტიტუციური სარჩელი ან წარდგინება.

დღესვე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფი განსაზღვროს თითოეული მიმწოდებლისთვის ინდივიდუალურად. კანონპროექტით, წყალმომარაგების სექტორში დროებით დასაშვები ხდება არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელთა ხარჯზე საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელთა ნაწილობრივი სუბსიდირება.  ამავე კანონში დაჩქარებული წესით შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამასთან, კანონპროექტი არეგულირებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებულ და კოორდინირებულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დღესვე განიხილეს  და მიიღეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი  ხუროშვილის განმარტებით, საქპატენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანება. ამასთან, კანონპროექტით, საქპატენტის თავმჯდომარემ უნდა გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“. გიორგი ხუროშვილმა წარმოადგინა ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. მისი თქმით,  იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით, ამავე დროს ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. მთავრობის საპარლამენტო მდივნმა  „საქართველოს ორგანულ კანონში „აქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი წარმოადგინა. ლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და  საქართველოს საარჩევნო კოდექსის ტექსტში სიტყვების ჩანაცვლებას მოიაზრებს. კერძოდ,  „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო“ იცვლება სიტყვებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო“.

კანონპროექტი  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ რომლიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა თორდიამ წარმოადგინა, გარიგებაზე ხელმოწერის სხვისთვის მინდობის შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს,  ვინც თვითონ ვერ მოაწერს ხელს წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის ან  ავადმყოფობის გამო .

პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ასევე კანონპროექტები: „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“;   „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს დადგენილების პროექტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 4 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებისა და შეთანხმების ოქმის რატიფიცირების თაობაზე“.

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მიზანშეუწონლად სცნო „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეკანონპროექტის ასევე  „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის თქმით, აღნიშნული კანონპროეტები პირველი მოსმენით მიღებულია 2009 წელს და  დღეს მათ დაკარგეს აქტუალობა.

მორიგი პლენარული სხდომა პარასკევს, 1 ოქტომბერს გაიმართება.

მიმაგრებული დოკუმენტები