პარლამენტის პლენარული სხდომა

12 ოქტომბერი 2010
პარლამენტის პლენარული სხდომა

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს –  "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით კენჭს უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრის. ამის შესახებ პარლამენტის წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელზეც კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. საკითხის გამოტანისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც წინა განხილვებისა და კონსულტაციების შედეგად პროექტში აისახა. 

კანონპროექტზე კენჭისყრის გადადების ინიციატივით ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოვიდა. მისი აზრით, აუცილებელია დრო იმისათვის, რათა შეადარონ, რამდენად ადეკვატურად აისახა პროექტში პოლიტიკური კონსულტაციების დროს შეთანხმებული საკითხები.

დეპუტატის წინადადებას დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. "ჩვენ ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ იმ ტექსტს ვუყრით კენჭს, რომელზეც შევთანხმდით. კენჭისყრის პროცედურის გადადება  აპრობირებული მეთოდია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მოცულობით კანონპროექტებს ეხება. ახლა კი საქმე კონსტიტუციასთან გვაქვს და არანაირი უზუსტობა არ უნდა გაგვეპაროს. ყველა ის შეთანხმება რაც რთული კონსულტაციების დროს მოხდა, არ უნდა დავკარგოთ", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატს დაავალა, რომ კენჭისყრამდე, რომელიც მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება, უზრუნველყოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ვიზირებული, კორექტირებული და რედაქტირებული ვარიანტის დარიგება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვამდე კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრებმა სხვადასხვა განცხადებები გააკეთეს.

ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახლედიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა პრობლემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოზიტიურად აფასებს ახალი გუბერნატორის მიერ პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიეპყროს ყურადღება. ესაა სარწყავი წყლის პრობლემა, საცხოვრებელი სახლების შემინვის საკითხი, დევნილი სტუდენტები ვერ იხდიან უმაღლეს საწავლებლებში სწავლის გადასახადს და სხვა. მან გუბერნატორს და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიმართა თხოვნით, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელადაც იზრუნონ.

ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე  გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკის მოსახლეობისთვის საქართველოში შემოსვლისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ და ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვა ითხოვა. მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთი შეხედვით არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი, თუმცა მაინც დიდი პრობლემები შეიძლება შექმნას ყაზბეგთან მიმართებაში. მან დეპუტატებს შეახსენა ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია "დარიალი", რომელიც აცხადებს, რომ ყაზბეგი მათი ისტორიული ტერიტორიაა. ლევან ვეფხვაძე ძალოვანი მინისტრებისგან ითხოვს ინფორმაციას, თუ რა საფუძველს ემყარება პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

ლევან ვეფხვაძის განცხადების საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, რომ "თავი დაანებონ ფსევდოპატრიოტიზმს და ვიწრო პრიზმაში ყურებას". ნუგზარ წიკლაური საპარლამენტო ოპოზიციის ეჭვებს თრუსოს ხეობის მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით "ფსევდოპატრიოტულ ხედვებს" უკავშირებს.

ნუგზარ წიკალურის განცხადებით, ვითარება კავკასიაში რთულია და საქართველოს ისტორიული ვალდებულება და მოვალეობაა ასეთ ვითარებაში მიაპყროს მზერა ჩრდილოკავკასიელი ხალხისადმი და ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს მათ.

"საქართველო, როგორც რეგიონული ლიდერი, აღიდგენს ამ ფუნქციას და აუცილებლად ხელს გაუწვდის ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რათა მათთან ერთად, ერთ ოჯახად, შეძლოს ძლიერი ფორპოსტის შექმნა. ეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიის, ერთიანობისა და სიმტკიცის ფორპოსტი. ეს იქნება ის ფორპოსტი, რომელსაც ქართველი მეცნიერები ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა და სხვანი და სხვანი, იბერიულ–კავკასიური ენათმეცნიერების მართლაც დიდი კორიფეები, აშენებდნენ იმიტომ, რომ საქართველოს ძლიერება არის მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებაში კავკასიური იდეის ირგვლივ და კავკასიური იდეა იქნება ის, რომელიც ჩვენ სამშვიდობოს გაგვიყვანს", – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, საქართველო არასოდეს კრავს ხელს კავკასიის ხალხებს და საქართველო უნდა იყოს ერთიანი კავკასიის იდეის დასაყრდენი.

ჯანდაცვის ბიუჯეტში გარკვევა ითხოვა ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა. "არ ვიცით მომავალ წელს როგორი ჯანდაცვის სისტემა გვექნება ან რა ბედი ელის ჯანდაცვის პროგრამებს", – განაცხადა მან და მოითხოვა, რომ ან უნდა აღდგეს დაფინანსების ძველი წესი, ან დაიწყოს კონსულტაციები დაფინანსების ახალ მოდელზე.

მაგდა ანიკაშვილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარე კვირის პარასკევს გაიმართება და დეპუტატებს ყველა დეტალში გარკვევის საშუალება ექნებათ. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი უარესი ნამდვილად არ იქნება", – განაცხადა ოთარ თოიძემ.

მაგდა ანიკაშვილის მოსაზრებებს მხარი დაუჭირა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ და პროგრამების აღდგენა მოითხოვა. იგი გამოეხმაურა ასევე წამლების რეცეპტებით გაცემის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ისედაც სოციალურად დაუცველ ფენებს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ წამლების რეცეპტით გაცემა შერჩევით უნდა მოხდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ჯანდაცვის არც ერთი პროგრამა არ უნდა გაუქმდეს და არც გაუქმდება. მისივე თქმით, გარკვეული სახის მედიკამენტები აუცილებლად რეცეპტით უნდა გაიცეს, ვინაიდან ეს თვითმკურნალობისგან, რომელიც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება, მოქალაქეების დაცვას შეუწყობს ხელს. "საერთოდ კი ჩვენი პოლიტიკა სოციალურ სფეროში ასეთია – დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და აღნიშნული საკითხიც ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ მოქალაქეებს დამატებითი ხარჯების გაღება არ მოუხდეთ", – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აღნიშნეს, რომ ეს არის საგანგაშო მოვლენა. მათ უმრავლესობას უსაყვედურეს, რომ ჟურნალისტების ცემის, და საერთოდ, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები არასოდეს გამოძიებულა. "პოლიციელები, რომლებმაც ამ ვანდალიზმში მიიღეს მონაწილეობა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და პროკურატურას თხოვნით მიმართა ეს საქმე ბოლომდე გამოიძიოს.

ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, 2004 წლიდან კანონდარღვევის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ რჩება და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ამ კანონდარღვევას ჩვეულებრივი მოქალაქე სჩადის თუ მმართველი  გუნდის წევრი. აკაკი მინაშვილის მტკიცებით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. "არავის ექნება იმუნიტეტი, ყველა კანონის წინაშე თანასწორი ვართ და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება", – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის წევრის, ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტის, განსაკუთრებით კი პარლამენტის თავმჯდომარის ძალისხმევის შედეგად, პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება კონფლიქტისპირა სოფლების წინაშე მდგარი პრობლემების დროულად გადაჭრის შესახებ. იქნება ეს მოსახლეობის უზრუნველყოფა პროდუქტებით, შეშით თუ სხვა. ამისათვის მან დავით ბაქრაძეს აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა.

დეპუტატთა განცხადებების შემდეგ პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა და ორმოცდაათზე მეტი საკითხი განიხილა.

კანონმდებლებმა ასევე მოისმინეს საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კონტროლის პალატის საქმიანობა გასულ წელს დადებითად შეაფასა.  „საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტი  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა გამოიტანა. საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კი კომისიის თამჯდომარემ, ბეჟან ბუცხრიკიძემ გააცნო დეპუტატებს.

დღის ბოლოს კი კანონმდებლებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.

პარლამენტმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრებად აირჩია პარლამენტის წევრები რომან მარსაგიშვილი და ეკატერინე ხერხეულიძე, საქართველოს პრეზიდენტს ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სალომე სამადაშვილის დანიშვნაზე მისცა  თანხმობა.

პარლამენტმა კენჭი უყარა და ცნობად მიიღო კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში.

პარლამენტის შემდეგი პლენარული სხდომა პარასკევს, 15 ოქტომბერს  გაიმართება.

 

    I
  II
 III
 IV

მიმაგრებული დოკუმენტები