პარლამენტის პლენარული სხდომა

15 ოქტომბერი 2010
პარლამენტის პლენარული სხდომა

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პარლამენტმა დღეს მესამე  მოსმენით, 112 ხმით 5–ის წინააღმდეგ, მას შემდეგ დაამტკიცა რაც ვენეციის კომიისიის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა.

"უკვე არსებობს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც არის დადებითი. ის პრაქტიკულად იმეორებს იმ დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნდა წინა პარასკევს და მთლიანობაში ძალიან დადებითად აფასებს ცვლილებებს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  მისივე შეფასებით, დადებითი დასკვნა  მოსალოდნელიც იყო ვენეციის კომისიასთან ექვსთვიანი  ერთობლივი მუშაობის შემდეგ.

"კომისია დასკვნაში მადლობას უხდის პარლამენტს და ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია  ასევე მადლობა არ გადავუხადოთ ვენეციის კომისიას კარგი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ასევე არასამთავრობო და ოპოზიციური სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც პროცესში მონაწილეობდა. "ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება განსხვავებული შეხედულების  მქონე პარტიებს შორის მოიძებნოს კონსენსუსი და არა კომპრომისი", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატებმა შეფასებები კიდევ ერთხელ გააკეთეს.

უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო პროექტი ქვეყნის ევროპული დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ  აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის შეფასება იმის თაობაზე, რომ ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პროექტი საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგს არ წარმოადგენს და იგი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს შეესაბამება.

ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ,  გიორგი ახვლედიანმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენით ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ განხორციელდა.

"ვენეციის კომისიამ მოიწონა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო წარმოდგენილი. საკონსტიტუციო განხილვამ  ეროვნული მასშტაბები შეიძინა, იყო ფართო ჩართულობა კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან.  ეს არის ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა და დიდი გამარჯვება", – განაცხადა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით კი აღნიშნული ცვლილებებით საქართველო წინ მიიწევს ევროპული დემოკრატიის მიმართულებით.

"ჩვენ ვართ დარწმუნებულები რომ წინ მივდივართ ევროპული დემოკრატიისკენ. ის კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ არის გარანტი იმისა რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ წინ წავა. ეს იქნება ერთ–ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას და გადავდგამთ კიდევ უფრო სწრაფ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს მისი კოლეგა უმრავლესობის წევრების იმედიან განწყობას ცვლილებებთან დაკავაშირებით და არ ეთანხმება მათ მოსაზრებას, რომ ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე განხორციელდა.

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით ცვლილებები შედის "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში და "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში.

აღნიშნული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც,  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა კონკურსის წესით მოხდება, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა,  გურამ ჩახვაძემ კანონპროექტის განხილვისას მოუწოდა ნებართვის გამცემ ორგანოებს, რომ მოხდეს კონკურსში მონაწილე პირთა სოციალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინება. აღნიშნულს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე გამოეხმაურა. "ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საკრებულოსთან და მთავრობა აუცილებლად დაიცავს სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესებს", – განაცხადა გიორგი მელაძემ. 

საქართველოს კანონის პროექტი «ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ» პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის განსაზღვრულ პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს. კანონპროექტის თანახმად, ინვესტორმა არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმრო ააშენოს. ასეთ ინვესტორს, რომელიც შესაბამის ზონაში სასტუმროს აშენების პროექტს დადებს, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ 15 წლის ვადით ქონების და მოგების გადასახადისგან გაათავისუფლებენ, ხოლო შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც არაუმეტეს 3.5 ჰექტარისა უნდა იყოს, საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა.

საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ამიერიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად. შესაბამისი ცვლილება "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში შედის, რომელიც პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.  აღნიშნული ცვლილება რომელიც "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა.

საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლის თანახმად, იმ პირს, ვინც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს,  მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა.

ცვლილება შედის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში". დღეს მოქმედი რედაქციით, "დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, რომელიც შექმნილია პეტიციისა და საჩივრის შესასწავლად, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე თვე და ზღვრული პერიოდით, თუ საქმე ეხება საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემას. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაზრდის რაოდენობა შეზღუდული აღარ იქნება.

პლენარულ სხდომაზე ასევე მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.

 I
II

მიმაგრებული დოკუმენტები