პარლამენტის პლენარული სხდომა

26 ოქტომბერი 2010
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, პარლამენტის წევრთა განცხადებებს დაეთმო.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ახალ ინიციატივას, რომელიც მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას უკავშირდება, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა.
 
"ინიციატივა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებში დასავლური სტანდარტის დანერგვას უკავშირდება, მისასალმებელია და მზად ვართ ამ მიმართულებით ღია დებატებსა და შესაბამისი კანონპროექტის მზადების პროცესში აქტიურად ჩავერთოთ".

გიორგი თარგამაძის განცხადებით, "პრესის ასოციაციას", საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, შემუშავებული აქვს საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომლის საჯარო პრეზენტაცია ხვალ სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება. მისივე თქმით, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" უახლოეს გაფართოებულ სხდომაზე დაგეგმილია პროექტის ავტორებისგან დეტალური ინფორმაციის მოსმენა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა გამოქვეყნებულ საერთაშორისო რეიტინგებს უკავშირდება, რასაც გიორგი გაბაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ქართული მედიასაშუალებების დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნითაა  ინიცირებული.

"ამ მიმართულებით ნაბიჯი ჯერ კიდევ მაშინ გადავდგით, როცა მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაქცევის გადაწყვეტილება მივიღეთ და მისი მეშვეობით პოლიტიკურ ძალებს თავისუფალი ტრიბუნა დაეთმოთ. შემდგომი ნაბიჯი მედიასაშუალებების მფლობელთა განსაჯაროებას უკავშირდება. საქართველო მედიათავისუფლების მხრივ რეგიონის მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა, მაგრამ მხოლოდ რეგიონული მასშტაბები საკმარისი არ არის და გვსურს ამ მხრივ წამყვან დასავლურ ქვეყნებს გავუსწორდეთ", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

იგი კოლეგებს მოუწოდებს  მედიასაშუალებების მფლობელთა და დამფინანსებელთა გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ.

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია პატიმართა ცემის ფაქტების ნამდვილობის გასარკვევად, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია პატიმართა ცემის ფაქტების შესახებ, რაც გადამოწმებას საჭიროებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იგი ადმინისტრაციის და დანაშაულის ჩამდენის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

უსაფუძვლო უწოდა ბაღათურიას ამ განცხადებას   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე ხერხეულიძემ.  მისი განმარტებით, არსებული მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწმდება ყველა ინფორმაცია, რომლის შესახებაც კომიტეტში შემოსული განცხადებების მეშვეობით ხდება ცნობილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში  მონიტორინგის ჯგუფი უკვე შექმნილია და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევა დაუყოვნებლივ ამ ჯგუფს უნდა ეცნობოს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი თორთლაძის განცხადებით, უახლოეს ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მოიწვევენ და მათგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.

ჯონდო ბაღათურიამ დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შეჩერება გააპროტესტა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა განმარტა, რომ საუბარი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების მოდერნიზებაზეა და ნაცვლად შეჩერებისა ეს პროგრამები დაახლოებით 26 მლნ. ლარით გაიზრდება.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით,  II და III მოსმენით, კანონმდებლებმა დღეს 80 ხმით, ერთხმად მიიღეს. პროექტის მიხედვით, დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის დადგენილებით გაგრძელდება, ხოლო უფლებამოსილების გაზრდის ვადა პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე დაყრისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება. ცვლილებები და დამატებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტის წევრებმა სხდომაზე ერთხმად მიიღეს. აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა 200 ლარს ითვალისწინებს, თუმცა, ლაშა თორდიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მიაჩნით, რომ უმჯობესი იქნება საჯარიმო სანქციის ოდენობის შემცირება.

ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტს  III მოსმენით  კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრიან.

2010 წლის პირველ აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები, სანქციისგან გათავისუფლდებიან. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

თუ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პირს ჯარიმა ჯერ გადახდილი არ აქვს, მაშინ ის ამ ჯარიმისგანაც და მასზე დარიცხული საურავისგანაც გათავისუფლდება.  ამ შეღავათით უბილეთოდ მგზავრობისთვის და 10-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების უბილეთოდ გადაყვანისთვის დაჯარიმებული  მოქალაქეები ისარგებლებენ.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი ერთი მოსმენით, 75 ხმით მიიღეს.    კანონპროექტი  ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესთან დაკავშირებულ საკითხს არეგულირებს. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება ექნებათ სახელმწიფო შესყიდვები თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე 2010 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელონ.

„ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტი III მოსმენით, 76 ხმით, ერთხმად მიიღეს.  კანონპროექტით, დგინდება   ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის განსაზღვრული პირობები, საგადასახადო და სხვა შეღავათები.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილება ნომერი ერთის” რატიფიცირების თაობაზე” და „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულების (ქობულეთის წყალანირების პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე“ დადგენილების პროექტები 84 ხმით მიიღეს.

დღესვე, პარლამენტმა ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

პარლამენტის მორიგი სხდომა ხუთშაბათს, 12 საათზე გაიმართება.

მიმაგრებული დოკუმენტები