პარლამენტის პლენარული სხდომა

09 ნოემბერი 2010
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ,  დავით ბაქრაძემ  ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მზადყოფნა დაადასტურა.

"კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტიურად დასრულებულია ორგანიზაციული მხარე. ერთიანი კონსულტაციების დაწყების შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, რადგან უკვე ფინალურ სტადიაში ვიმყოფებით", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებით ვიცე–სპიკერ ლევან ვეფხვაძეს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის სპიკერისგან პროცესების დაჩქარება და კონსულტაციების ფორმატში პარტიების დროულად მოწვევა მოითხოვა.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ამ მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხით დაინტერესებულები არიან როგორც პოლიტიკური ჯგუფები და საზოგადოება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინ დახურულ ფორმატში "ქრისტიან-დემოკრატებიც" შეხვდნენ და  ის დეტალები განიხილეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო მუშაობის დაწყებას შეეხება.

"ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ"  კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ბაღათურიას განმარტებით, 2010 წლის 1 ოქტომბერს "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა და 49 პრიმა მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, თუ პირს დასუფთავების ან წყლის გადასახადი არ აქვს გადახდილი, ელექტროენერგიას ავტომატურად გაუთიშავენ. მისი თქმით, "ქართული დასის" მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 49 პრიმა მუხლის მთლიანად ამოღებას. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ინიციატივის სახით გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და კოლეგებს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა სესიაზე ჯონდი ბაღათურიას მოუწოდა, განათლების თემებზე უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რომელმაც დღეს პარლამენტის წევრებს მოუწოდა სოლიდარობა გამოუცხადონ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მოთხოვნას საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით.  როგორც ჯონდი ბაღათურია აცხადებს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები რვა გამოცდის ჩაბარებას ვერ მოასწრებენ, ისე რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ და ამიტომ, განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. გიორგი გაბაშვილის განცხადებით, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა და იმათ, ვისაც პრეტენზია აქვთ ატესტატის აღების, ამ გეგმით გათვალისწინებულ საგნებში მინიმალურ ცოდნას უნდა ფლობდნენ. "ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და მინიმალური ზღვარი 95%–მა გადალახა და ის 5%, რომელმაც ელემენტარულ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა, სახელმწიფო ატესტატის აღების ღირსი არც არის",– განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ოპოზიციონერი პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე  სკოლებში საატესტატო გამოცდების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან, რომ გამოცდები ისევ მათთვის არის უკეთესი.  "ატესტატი არ არის დასჯის მექანიზმი",–განაცხადა გურამ ჩახვაძემ.

პარლამენტის ოპოზიციონერმა  წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ  საკანონმდებლო ორგანოს ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და გლდანის N8 საგამოძიებო იზოლატორის ე.წ. კარანტინის განყოფილებაში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა  და რეაგირების მიზნით აღნიშნულ ადგილებში პარლამენტის მონიტორინგის ჯგუფის წევრთა შესვლა მოითხოვა. აღნიშნულ საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 3 დღის განმავლობაში მონიტორინგის კომისიამ სხვადასხვა ციხეებში უკვე მოინახულა 31 პატიმარი. აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის სამსახური სისტემატურად ინტერესდება პატიმართა მდგომარეობით.

"თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდის მიზეზების ახსნა მოითხოვა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინასება 13.3 მილიონი ლარით ეზრდება.  

პლენარული სხდომა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვითა და კენჭისყრით გაგრძელდა.

პარლამენტის წევრებმა სხდომაზე განიხილეს და კენჭისყრის შედეგად მიიღეს "საკონსულო ფუნქციების შესახებ ევროპული კონვენციის” რატიფიცირების თაობაზე” პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკონსულო ფუნქციების შესახებ ევროპული კონვენცია აყალიბებს წევრ სახელმწიფოთა შორის საკონსულო ურთიერთობებთან დაკავშირებულ წესებს 1963 წელს ვენის კონვენციის გათვალისწინებით. ევროპული კონვენცია განსაზღვრავს კონსულის მიერ თავისი ოლქის ფარგლებში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ზოგად საკონსულო ფუნქციებს, აყალიბებს დოკუმენტების გაცემის, სამემკვიდრეო ქონების მართვის და ნაოსნობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ წესებს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ” პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით  განიხილეს და 105 ხმით ერთხმად მიიღეს პირველი მუხლის მე–2 პუნქტის გამოკლებით. კანონპროექტი  ნებისმიერი ახალი სახის გადასახადის შემოღების ან განაკვეთის ზრდის რეფერენდუმის გზით  დარეგულირებას ითვალისწინებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის  განცხადებით,  კანონპროექტით   საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება  საქართველოს პრეზიდენტს ექნება.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის  ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება მეტი ინვესტიციების მოზიდვაზე,   ხანგრძლივ პერსპექტივასა და  ეკონომიკურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს  კანონის პროექტი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"  კანონში დამატების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ირაკლი გორდულაძის განმარტებით, კანონის პროექტის მიღების  მიზანია იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც დამატებით ადგენენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევებს.                   

პარლამენტის წევრმა, ლაშა თორდიამ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის წესით   "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტი  მეორე მოსმენით წარმოადგინა. მისი განცხადებით,  ეროვნული არქივის მიერ აკრედიტირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ყოველი წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ არქივს წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავების და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.            

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრები დაექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. აღნიშნულ ინიციატივას "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე"   კანონის პროექტი დაარეგულირებს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს.

93 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით მიიღეს   "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც   ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.

დღევანდელმა სხდომამ ასევე ცნობად მიიღო  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ოთარ თოიძემ წარმოადგინა.

პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევს, 12 ნოემბერს, 12 საათზე განაახლებს მუშაობას.

მიმაგრებული დოკუმენტები