პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

24 სექტემბერი 2010
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით, 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ კონსტიტუციური კანონპროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ახლებურად ხდება უფლებამოსილებების გადანაწილება, ძლიერდება საკუთრების უფლების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების  დამოუკიდებლობის  კონსტიტუციური გარანტიები. გათვალისწინებულია  კონსტიტუციისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თავის დამატება, რომელიც  ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის ეფექტურობის დამატებით გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. ცვლილებების პროექტით ახლებურად  წესრიგდება ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ურთიერთობები.

კანონპროექტის კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ,  დავით ბაქრაძემ კომისიის მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.  მისი თქმით, კომისიამ ორ თვეზე ცოტა მეტი ხნის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში საზოგადობრივ  ჯგუფებთან, პოლიტიკურ ძალებთან და ექსპერტებთან ოცდაათამდე შეხვედრა გამართა. "შეხვედრების მთავარი ამოცანა იყო, რომ მოგვესმინა მოსახლეობის, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის  მოსაზრებები.  გამოთქმული წინადადებების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია, მათ შორის ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებები.  წინადადებების იმ ნაწილზე, კი რომელზეც კომისიის ფორმატში ვერ შევთანხმდით საპარლამენტო დისკუსიის ფორმატში გავაგრძელებთ მსჯელობას", –განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი განსაზღვრავს საქართველოს მომავალ პოლიტიკურ ლანდშაფტს, მომავალი პოლიტიკური სისტემისთვის პოლიტიკური თამაშის წესებს.  პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ყველა მსურველს წელიწადნახევრის განმავლობაში შეეძლო   მონაწილეობა  მიეღო საკონსტიტუციო პროცესში. მისივე თქმით, 2010 წლის ზაფხულში  პარლამენტს გარეთ შეიქმნა საკონსტიტუციო  კომისია იმ მიზნით, რომ პროცესი  გამჭვირვალე ყოფილიყო: "ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა  ნეიტრალური, აკადემიური სტრუქტურა, სადაც ყველა პოლიტიკოს ექნებოდა თანამშრომლობის საშუალება და ეს იყო ჩვენი შეთავაზება ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ.  არასაპარლამეტო ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განხილვების ბოლო ეტაპზე, ნაწილი კი კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან პროცესში".

კონსტიტუციური კანონპროექტი სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,  ზურაბ ადეიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით,  წარმოდგენილი პროექტით კონსტიტუცია დაბალანსებული იქნება, რომელიც ითვალისწინებს ძლიერი პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების არსებობას, პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის შენარჩუნებას, რომელიც დაბალანსებული იქნება,  ასევე სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებით. მისი თქმით, ახალი პროექტით მთავრობა პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე, მთავრობას შექმნის მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი და მხოლოდ პარლამენტს ექნება მთავრობის დათხოვნის უფლება. პარლამენტში გაძლიერდება უმცირესობის უფლებები. კერძოდ, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის ინიცირება შესაძლებელი გახდება ერთი მეხუთედით, ნაცვლად ერთი მეოთხედისა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი და დამტკიცებული იქნება პრემიერ–მინისტრის ახალი კანდიდატურა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი ხელს შეუწყობს  მთავრობის სტაბილურ მუშაობას. მთავრობის აქტების გაუქმება  პრეზიდენტს აღარ შეეძლება. შემოვა ახალი ინსტიტუტი: მთავრობის მიერ  პრეზიდენტის აქტების კონტრასიგნაციის  მექანიზმი, რაც განაპირობებს ბალანს აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებს შორის.

ზურაბ  ადეიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვან ინსტიტუტად რჩება ქვეყანაში, რაც  შერეული მოდელიდან გამომდინარეობს.  პრეზიდენტი კვლავ იქნება პირდაპირი წესით არჩეული. ის იქნება სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დანიშნავს გაერთიანებული  შტაბის უფროს და სხვა მხედარმთავრებს, უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს და  პოლიტიკური კრიზისის დროს ექნება არბიტრის როლი. პრეზიდენტის ბევრი უფლება დაბალანსებული იქნება კონტრასიგნაციის ინსტიტუტით. 

იუსტიციის მინისტრმა მოხსენების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მისი განმარტებით, კონსტიტუციის პროექტი ამოქმედდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტის ზეპარტიულობაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის რომელიმე პარტიაში ყოფნის აკრძალვა გამოიწვევს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიების მონაწილეობაზე უარის თქმას, რადგან პრეზიდენტის არჩევნები ხდება პირდაპირი წესით და მის უკან გარკვეული  პოლიტიკური პარტია დგას,  რომელიც გამარჯვების შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას. 

სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით დანიშნის მიზანშეწონილობის საკითხის კომენტირებისას, იუსტიციის მინისტრმა  აღნიშნა, რომ აღნიშნული მოდელი მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაშიც, სადაც უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით ნიშნავენ.

ზურაბ ადეიშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ შესაძლებლად მიაჩნია ოპოზიიის წინადადების გათვალისწინება, კონსტიტუციის ახალ პროექტში,  რომლის მიხედვით პრეზიდენტს  საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ჩამოერთმევა.

იუსტიციის მინისტრის  შემდეგ სიტყვით  დეპუტატები გამოვიდნენ. 

ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა, ლევან ვეფხვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 8 საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდა და თუ უმრავლესობა მოერე მოსმენისთვის სხვა საკითხებთან დაკავშირებით  მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ფრაქცია კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. მისი განმარტებით შეთანხმებული საკითხებია: კონსტიტუციაში ორგანული კანონის მცნების დატოვება,   მთავრობის მიერ გუბერნატორების დანიშვნა, პრეზიდენტის საკანონმდებოლო ინიციატივის საკითხი და რიგგარეშე განხილვის უფლება, საკუთრების მუხლი, გენერალური შტაბი, ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ორგანოების მიმართ კითხვის დასმის უფლება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,  პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით, საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის უფლება მხოლოდ ვეტოს უფლებით შემოიფარგლება. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლოსობა მზად არის ოპოზიციასთან, მათთვის  საინტერესო საკითხებზე კანონოპროექტის მეორე განხილვისთვის  კონსულტაციები გამართოს.

,,ქრისტიან-დემოკრატები" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევითობის და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშნული წინადადება მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარაგმაძემ  დააყენა.   "როდესაც ქვეყანა კურსს საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით იღებს, სადაც ყოველ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია ჰყავდეს არჩეული მმართველი, შეუძლებელია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნებოდეს. ჩვენ მოვითხოვთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ან მოსახლეობის, ან უზენაესი საბჭოს მიერ იყოს არჩეული", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი და ისტორული რეფორმა, რომელმაც ქვეყანა სახელწიფოებრივად უფრო უნდა გააძლიეროს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას უნდა დაელოდოს და ამის შემდეგ მიიღოს ცვლილებები.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ვენეციის კომისიასთან სახელმწიფო  საკონსტიტუციო კომისია და პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობდა და მათთან შეხვედრები გაიმართა როგორც თბილისში, ასევე სტრასბურგში და ბერლინის კონფერენციაზე.  ,,ნუ დაგვავიწვდება ისიც, რომ ჩვენ ამ კონსტიტუციას ვიღებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“ – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით,  საქართველოში ისეთი ტიპის სახელმწიფოებრივი მოწყობა ჩამოყალიბდება, როგორიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. „იმის გარდა, რომ ეს გრძელვადიანი თვალსაზრისით საქართველოს გამოადგება საკუთარი განვითარებისთვის, დღესვე არის ძალიან სერიოზული დიპლომატიური გზავნილი მთელი ევროპოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, თუ რა ორიენტაციას ირჩევს საქართველო და რა გზით აპირებს განვითარებას“ – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა კონსტიტუციური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ოპოზიციასთან შეთანხმება ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა.

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ»  კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.                                                                         

კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის (ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია) მოქმედება გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებზე და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.

მომავალ კვირას პარლამენტი მუშაობას პლენარული სხდომების ფორმატში გააგრძელებს.  


 

  I
 II
III

მიმაგრებული დოკუმენტები