პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

01 ოქტომბერი 2010
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იყო პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის პირველი საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პროექტში არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც გუშინ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართულ კონსულტაციაზე შეთანხმება შედგა. პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა  გამოხატა, კონსულტაციები მიმდინარე სესიის შესვენებაზე გაგრძელდეს.

პარლამენტის ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს ის შეთანხმებული საკითხები, რომლებიც გუშინდელი კონსულტაციის შედეგად წარმოდგენილ კანონპროექტში აისახა. ესაა პირველ რიგში ის, რომ პრეზიდენტი ამ პოსტზე არჩევის შემდეგ თავის პარტიაში მაღალ თანამდებობას აღარ დაიკავებს, ასევე გენშტაბის უფროსის დანიშვნის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების დროს,  საომარ მოქმედებებთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნებები დასჭირდება.

კონსტიტუციური კანონის განხილვისას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელთა შესახებ სამსჯელოდ შესვენების დროს  დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ. 

პლენარული სხდომის მეორე ნაწილში კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი  დეპუტატებმა 125 ხმით ერთის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღეს. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესვენებისას გამართული  კონსულტაციების შედაგად მიღწეულია შეთანხმება იმ ორ ძირითად საკითხზე, რომელზეც  პრინციპული მსჯელობა მიმდინარეობდა, ესენია მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ვადების შემცირება, სადაც უმრავლესობის პრინციპული თანხმობით ვადები  20 დღით შემცირდა. რაც ნიშნავს, რომ პროცედურის მეორე და მესამე საფეხურზე ვადამ  10-10 დღით დაიკლო. ასევე მოხერხდა შეთანხმება 2012 წლის  არჩევნების შემდეგ მთავრობის დათხოვნისა და ნდობაზე საკითხის  პარლამენტში სავალდებულო შემოტანასთან დაკავშირებით, ამაზეც უმრავლესობამ თავისი თანხმობა დაადასტურა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომერის განცხადებით, შეთანხმდა საკითხი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივასთან და რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

განხილვის დასრულების შემდეგ ფრაქციების, უმცირესობისა და უმრავლესობის თუ ცალკეული დეპუტატების გამოსვლებში აღინიშნა, რომ ესაა კომპრომისი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამაღლდა და  ეს არის დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯი.

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტარებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. III მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ,  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“  და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სხდომის ბოლოს კენჭი უყარეს განხილული პროექტების მიღების საკითხს.

მიმაგრებული დოკუმენტები