პარლამენტის სესიის პლენარული სხდომა

28 ოქტომბერი 2010
პარლამენტის სესიის პლენარული სხდომა

12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტარიზმის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართება. ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. "28 ოქტომბერი  მნიშვნელოვანი დღეა ქართული პარლამენტარიზმისთვის. 20 წლის წინ, 70 წლიანი ანექსიისა და კომუნისტური წყობის შემდეგ  გაიმართა მრავალპარტიული  არჩევნები, რომელიც შემდეგ  წინაპირობა  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გახდა. ეს არჩევნები იმ პარლამენტარიზმის ტრადიციის აღდგენა იყო, რომელიც პირველი რესპუბლიკის დროს იყო" – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.     

სხდომამ პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო პარლამენტის წევრის, გიორგი თორთლაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "თავისუფლების ქარტია".

"თავისუფლების ქარტია” ითვალისწინებს  ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, კომუნისტური პარტიისა  და კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის  თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვას, ე.წ. პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ მონიტორინგს, საქართველოში შემოსული ტვირთებისა და დიდი რაოდენობით ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგს და საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის კანონით აკრძალვას. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის განცხადებით,  კანონპროექტი ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, კომუნისტური პარტიისა  და კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის არ ითვალისწინებს არჩევითი თანამდებობების დაკავებას, თუმცა ამ შემთხვევებში მოხდება საზოგადოების ინფორმირება მათი ყოფილი საქმიანობის შესახებ. გიორგი თორთლაძემ ასევე აღნიშნა, რომ "თავისუფლების ქარტია” არ ითვალისწინებს მოსმენებს, ელქტრონული მიმოწერის დათვალიერებას და გაუთვალისწინებელ ჩხრეკას.

კანონპროექტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ჯაშუშობის კატეგორიის  დანაშაულის პრევენციისთვის ითვალისწინებს სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი შევა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე დაყრისთვის დაწესდება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. სხდომამ მეორე მოსმენით ერთხმად, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”. საქართველოს მთვრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 200 ლარიანი ჯარიმა, თუმცა მთავრობამ გაითვალისწინა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრვლესობისა და უმცირესობის მიერ გამოთქმული მოთხოვნა ჯარიმის შემცირებასთან  დაკავშირებით.  პროექტის თანახმად, ასევე 50 ლარით დაჯარიმდებიან ფეხით მოსიარულე ის მოქალაქეები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე დაყრიან. აღნიშნული დამატება პროექტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის ინიციატივით შევიდა.

დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 83 ხმით ერთხმად მიიღეს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში დამატების შეტანის თაობაზე.  კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები (რომლებიც გათვალისწინებული არ არის მოქმედ რედაქციაში) და საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ნორმატიული აქტით. მოქმედი კანონი განსაზღვრავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს, როდესაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ეძლევათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება. უვიზოდ მიმოსვლის შემთხვევები დგინდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით. საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა კი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ადგენენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევებს.

სხდომამ მესამე მოსმენით 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. 

დეპუტატებმა მესამე მოსმენით, 80 ხმით ერთხმად მიიღეს კანონპროექტი "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. პროექტის მიხედვით, აკრძალული იქნება ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების თვითნებურად მოჭრა, დაზიანება, განადგურება და ამოძირკვა.  ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლის, აღდგენისა და ჭრის წესებს დაადგენს ქ. თბილისის მთავრობა.  

პლენარულმა სხდომამ ცნობად მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა   კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი  პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიში. სხდომამ დროებით კომისიას 78 ხმით ერთხმად უფლებამოსილების ვადა 3 თვით გაუგრძელა. 

მიმაგრებული დოკუმენტები