პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების წინადადებით მიმართავს

22 ნოემბერი 2019
პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების წინადადებით მიმართავს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, უახლოეს პერიოდში, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებისთვის შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს. 

„გადავწყვიტე უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მათ უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას პრევენციას გაუკეთებს, არ შეძენს ამას შეუქცევად ხასიათს და რეალურად, ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის, რეფერენდუმამდე ან პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ჩვენთვის, და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის წევრმა პარტიისთვის შეთავაზებული წინადადების არგაზიარების შემთხვევაში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რაც პოლიტიკიდან წასვლას და პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას გულისხმობს.

გალერეა

  • პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების წინადადებით მიმართავს, 2019 წლის 22 ნოემბერი