საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია

04 ოქტომბერი 2018
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია

5-6 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გაიმართება.

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბი, ევროპარლამენტარი ანა გომეში და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი მიმართავენ.

ამავე დღეს, ირაკლი კობახიძე, ანდრიან კანდუ და ანდრი პარუბი საპარლამენტთაშორისო წესდებას მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება 6 ოქტომბერს პანელური დისკუსიებით გაგრძელდება. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები დახურულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობასა და შიდა განვითარებაზე ისაუბრებენ.

პანელური დისკუსიის ფორმატში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ იმსჯელებენ.

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე, სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

დადგენილების პროექტი  „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მიიღო.