საქართველოს პარლამენტის წევრები რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან

05 აპრილი 2016
საქართველოს პარლამენტის წევრები რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან

დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ ყარაბაღში შექმნილი საომარი ვითარების გამო, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დღეებში.

„მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალკულტურული სიმდიდრითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ხელი შეუწყოს ამ ტრადიციების შენარჩუნებას.”

დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

5.04.2016