საქართველოს პარლამენტში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების თემაზე სემინარი გაიმართა

21 ივნისი 2012
საქართველოს პარლამენტში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების თემაზე სემინარი გაიმართა

ათასწლეულის განვითარების მიზნების საპარლამენტო ჯგუფის, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ცენტრ „თანადგომას“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე "რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები".

სემინარი გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა,  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ ხომასურიძემ. სემინარზე მომხსენებლებმა და მონაწილეებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესახებ.  

აღნიშნული სემინარის შემაჯამებელი ნაწილის დროს გაიმართა დისკუსია რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველმა ლედიმ, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა. მან ისაუბრა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ და მონაწილეებს გაუზიარა სფეროს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები.

ბატონმა გიორგი წერეთელმა, ქალბატონმა რუსუდან კერვალიშვილმა და ბატონმა ოთარ თოიძემ, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს და შეაჯამეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკა და პარლამენტის როლი რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

„საყოველთაო ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე პრიორიტეტულია ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მოსახლეობისა და განვითარების  საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიზნების მისაღწევად საქართველოში“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა, გაამახვილა რა ყურადღება 2012 წლის მაისში, სტამბოლში ჩატარებულ პარლამენტარების საერთაშორისო კონფერენციის შედეგებზე.

რუსუდან კერვალიშვილმა ხაზი გაუსვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის და სახელმწიფოს მიერ სტამბოლის კონვენციის მიღებისთვის. ბატონმა ოთარ თოიძემ აღნიშნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანრთელობისა და უფლებების საყოველთაო და მუდმივი მნიშვნელობა. მან პარალელი გაავლო მადრიდის დაბერების სამოქმედო პროგრამასთან (Madrid PoA).

სემინარის განმავლობაში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ ხომასურიძემ,  ზოგადად მიმოიხილა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციები. ყურადღება გამახვილდა გლობალური და ეროვნული დონის მოვლენებსა და პუბლიკაციებზე, მათ შორის ICPD+20-ის მიმოხილვაზე – კვლევა, რომელიც ჩატარდა Guttmacher Institute–ისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ.

სემინარის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი მასალები და სერტიფიკატები.

სემინარი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ფონდის (UNWomen) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ. 

გაეროს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში – ერთ–ერთი მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსახლეობის სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით.