საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

12 თებერვალი 2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ გაიმართა. კონფერენციის ძირითად თემებს წარმოადგენდა: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება.

კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქართული ეკლესიისა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლები, საქართველოსა და 12 ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უძღვებოდა. მისი თქმით, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავთან ერთად, წელსვე ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს და საქართველოს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის 100 წლისთავს. „ამ სამი ისტორიული თარიღის თანხვედრა ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყოველთვის იღვწოდა ცოდნასა და მეცნიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და სარწმუნოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობები მეცნიერების კუთხით.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ურთულეს პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკა და დადგენილი ღირებულებათა სისტემა ინგრეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იდგა საზოგადოების გვერდით.

„დღევანდელი დღე და ჩვენი დისკუსიის სულისკვეთება ალბათ მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ ადამიანით, რომელსაც ჩვენ ყველანი განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების, ეკლესიის, რელიგიური მიმდინარეობებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა თავისი ცხოვრებით ამ თანამშრომლობის შინაარსი“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ინსტიტუტთა პატივისცემა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტების წინაპირობაა. მისივე განცხადებით, საზოგადოებაში არსებული აგრესიის მაღალი დონე და განსხვავებულის მიუღებლობა, ყველას ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, დღევანდელი საერთაშორისო კონფერენციისა და საიუბილეო კულტურული პროგრამის მთავარი ინიციატორი და მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა მისალმების სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს ყოველთვის სწორედ ეკლესია ასრულებდა გამორჩეულ როლს.

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქის სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

„სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენცია საინტერესოდ წარიმართება; გაიმართება სიღრმისეული მსჯელობა დღევანდელობისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის რელიგიის და საზოგადოების ურთიერთობა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.

„ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ. სწორედ ამ განსაკუთრებულ ისტორიას ეძღვნება ის შესანიშნავი გამოფენა, რომელიც მეუფე დანიელმა დამათვალიერებინა. მართლაც უმდიდრესი და ურთულესი ისტორია გამოვიარეთ და ამ ისტორიის პატივისცემა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, - აღნიშნა პრემიერმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. მან ეკლესიის ისტორია და მის წინააღმდეგ გამართული ბრძოლები გაიხსენა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობით მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად საბოლოოდ გამარჯვებით დაგვირგვინდა. უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის შესახებ უამრავი რამის თქმა შეიძლება და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ერმა, არამედ მთლიანად ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესის და უნეტარესის ცხოვრებით და მოღვაწეობით მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასოდეს შეურიგდება ყველაზე ძვირფასის, სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა მამულიშვილური მიზნისთვის ყოველთვის გამარჯვებით სრულდება. მე მინდა, როგორც ქართველმა და როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო მის წინაშე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ თანამედროვეობის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ქართველო ერისთვის.

„ჩვენ აღვნიშნავთ ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავს, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკლესიის და ერის განვითარებისა. როცა ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიებსა და საზოგადოებას შორის, ეს უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს აზროვნების სფეროს ჩვენი ქვეყნისა, რისი განვითარებაც დამოუკიდებელი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, მისი უწმინდესობის როლსა და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მადლობას ვუხდით მას, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ვერ მობრძანდა. მე მაქვს პატივი მოგილოცოთ და დაგლოცოთ მისი სახელით. ერთ-ერთი მთავარი თემა თანამედროვე გამოწვევებია, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ცნობიერება ერისა, სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალიზაციისა და პოსტმოდერნის ეპოქაში. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი თეზისი დღევანდელი პოსტმოდერნის ფილოსოფიაში გახლავთ უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, სეკულარიზმის და საკრალიზაციის თემა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. მისივე განმარტებით, საკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ქართველი ერი არის იდეალისტი თავისი აზროვნებით.

„ჩვენი ერისთვის უმთავრესი ყოველთვის არის იდეა. ჩვენი ერი და სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და სხვათა შორის, ჩვენი ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება, სწორედ ეს არის იდეალისტური ღირებულებები. თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის. დღევანდელი კონფერენციის უმთავრესი მიზანია, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამას და რა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე", - განაცხადა მეუფე შიომ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სასულიერო პირები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები - ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ, გერმანიის, იტალიის, ლიტვის, ლიხტენშტეინის, საბერძნეთისა და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა მოხსენებებში მიმოიხილეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიული ეტაპები და ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე ეკლესიის მიერ განვლილი გზა.

პლენარულ სესიაზე ერთ-ერთი მთავარი მოხსენება „ჭეშმარიტი და ფსევდო სეკულარიზმის“ საკითხებზე წარადგინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, აღნიშნული კონფერენციის პროგრამის შემუშავებასა და კოორდინაციას მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა.

დღესვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კონფერენციის დელეგატებს წარუდგინა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ერთობლივად გამოცემული საიუბილეო ორტომეული, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ელმარ კუნის განცხადებაზე: „დღევანდელი კონფერენცია ევროპის ქვეყნებისთვის შეიძლება გახდეს სამაგალითო, თუ როგორ შეიძლება ეკლესიამ ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკისა და მეცნიერული მტკიცებულებების დაფუძნებას სახელმწიფო მმართველობის პროცესებში“.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოხატა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე კონფერენციაში მონაწილე სამეცნიერო წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გალერეა

  • საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება", 2018 წლის 12 თებერვალი

  • 7.JPG