საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს

13 აპრილი 2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს

პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად - მეურვეებად, ერთხმად, არჩეულ იქნენ: სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ირინა ფუტკარაძის კანდიდატურა 104 ხმით, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი გიორგი ნიჟარაძის კანდიდატურა 108 ხმით და სულხან სალაძის კანდიდატურა 104 ხმით, და აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარმოდგენილი ირაკლი პაპავას კანიდატურა 104 ხმით.

კენჭისყრამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა კანდიდატთა შერჩევის პროცედურები. „ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული იყო კონკურსი. პარლამენტმა შექმნა საკონკურსო კომისია. კომისიამ განიხილა შესული კანდიდატების მონაცემები, ჩატარდა გასაუბრება და კომისიამ პარლამენტს შესთავაზა კანდიდატები, რომელთაგან კანონის შესაბამისად, პარლამენტისთვის კენჭის საყრელად კონკრეტული კანდიდატები უნდა შემოეთავაზებინა სახალხო დამცველს - ერთი კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს, ანუ მინიმუმ 17 პარლამენტარს უმრავლესობის გარეთ მდგომებიდან - ორი კანდიდატი და მეოთხე ვაკანსია ეკუთვნის საპარლამენტო უმრავლესობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმაც.
„ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური კონსულტაციები ბევრი წინააღმდეგობის, ბევრი გამონაკლისების დაშვებით და ვფიქრობთ, ყველამ კარგად გავითავისეთ ის აუცილებლობა, რომ სამეურვეო საბჭოს თემა საკამათო და საკონფლიქტო თემებიდან უნდა მოიხსნას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელია და რაც მთვარია, ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამეურვეო საბჭო ჩამოყალიბდება და იქნება სრულფასოვანი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ ყველა კანდიდატს, ვისი წარმომადგენილიც არ უნდა იყოს, მხარს ვუჭერთ პარლამენტის ყველა წევრი, რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ, ისე როგორც ეკადრება დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანას“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, საკონკურსო კომისიის მუშაობა პოზიტიურად ვერ შეფასდება, რადგან კანდიდატები დაბლოკილი იყო და არჩევანი შეზღუდული იყო. „მიუხედავად ამისა, ვიქნებით კონსტრუქციულები და უმრავლესობის კანდიდატს, ისევე როგორც ყველა სხვა კანდიდატს, მივცემთ ხმას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.