თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კობა კობალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან ერთად სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის „ზოგადი პირობების შეთანხმება“ და „საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის „BPI AE საკრედიტო ხაზის შეთანხმება“ გააცნო. მომხსენებელმა ხელშეკრულებების ფინანსურ ნაწილზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს დოკუმენტის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი შეთანხმებები საჰაერო სისტემის შესყიდვის ხელშეკრულების დამატებითი დოკუმენტებია და კომიტეტი მის რატიფიცირებას მხარდაჭერას უცხადებს.
სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ცალ-ცალკე კენჭი უყარეს წარმოდგენილ შეთანხმებებს და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ერთობლივი საკითხების განხილვის შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კოლეგებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად გააცნო. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.