არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

11 ივლისი 2019
არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერთან, ფლორინ იორდაჰთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხაზი ასევე გაესვა პირდაპირი ავია და საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რეფორმით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებსა და პარლამენტის როლს ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიცესპიკერმა აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც, გამოწვევების მიუხედავად, განვითარებას აგრძელებს.

მისივე თქმით, რუმინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის დასავლური სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა, 2019 წლის 11 ივლისი
  • არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა, 2019 წლის 11 ივლისი