არჩილ თალაკვაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, სახელმწიფოს ყველა საკვანძო ფუნქცია განაგრძობს მუშაობას

21 მარტი 2020
არჩილ თალაკვაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, სახელმწიფოს ყველა საკვანძო ფუნქცია განაგრძობს მუშაობას

სახელმწიფოს ყველა საკვანძო ფუნქცია განაგრძობს მუშაობას, მათ შორის, განხორციელებას განაგრძობს სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტებიც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა. 

დეკრეტის ტექსტის მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა: იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის მიმართ გამოიყენოს ზომები; დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები; აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და მატერიალური საშუალებები; დეკრეტის ტექსტი ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი სახის შეკრების, მანიფესტაციისა და ადამიანების თავშეყრის შეზღუდვას, გარდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; მთავრობას უფლება ეძლევა სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე; ამას გარდა, სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 

დეკრეტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით;
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იზღუდება მედიის თავისუფლება და მედიის საქმიანობა. 

არ იზღუდება დეკრეტით მედიის საქმიანობა, მედიის თავისუფლება და მინდა, ყველა ჟურნალისტს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში აშუქებთ მოვლენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს აწვდით ინფორმაციას, მადლობა და მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. 
ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სახელმწიფოს ყველა საკვანძო ფუნქცია განაგრძობს მუშაობას, მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტებიც განაგრძობს განხორციელებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დასრულდეს. 

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. მასთან ერთად, საარჩევნო კოდექსი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ოპოზიციასთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვმუშაობთ. შესაბამისად, ეს ვადები დაკორექტირდება, მოხდება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კალენდრის ადაპტირება. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მისი დასრულებისთანავე, განვაახლებთ ამ პროცესს და ვეცდებით საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ ეს სამუშაო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.