არჩილ თალაკვაძე: სამასი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს მხარდაჭერისთვის - სამასი წლის შემდეგ, ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული

11 ივლისი 2019
არჩილ თალაკვაძე: სამასი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს მხარდაჭერისთვის - სამასი წლის შემდეგ, ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული

„300 წლის წინ ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს დასაცავად, მიმართა პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. 300 წლის შემდეგ ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული - საქართველო კვლავ საჭიროებს ევროპის მხარდაჭერას და ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ეფექტური ინსტრუმენტია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მისივე თქმით,  ამ წლების განმავლობაში,  საქართველოს არასდროს შეუწყვეტია განვითარების მცდელობა. ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხორციელებულ და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დღემდე ოკუპირებული და სრულიად იზოლირებულია, ქვეყანა ცდილობს, იყოს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურ დემოკრატიულ ოჯახში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და ღირებულებითი არჩევანია. მისივე თქმით, ეს არჩევანი სათანადოდ აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიც, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაში.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე, მდგრადი ვერ იქნება.

„როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესის და დემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით,  ქვეყნების ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად, სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირისთვის,  დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ ქართველი ხალხისთვის.

არჩილ თალაკვაძემ დაასახელა სამომავლო ამოცანებიც  და განაცხადა, რომ ეს მიზნები უნდა იყოს შესრულებადი, გაზომვადი და გააჩნდეს წახალისების მკაფიო და ამბიციური სისტემა.   პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  პრაქტიკული მიზნები უნდა მოიცავდეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, შავი ზღვისა და უფრო ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად გამოყენებას, ეკონომიკის განმტკიცებას და ხელშეწყობის სპეციალური ინსტრუმენტების შექმნას, ევროპული შრომის ბაზრის სრულად გაღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, თანამშრომლობის გააქტიურებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

მისივე შეფასებით,  მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს იმ ქვეყნების პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებსაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურთ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა და საქართველოს პარლამენტის სახელით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

„საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და პარლამენტი მზად არის, თქვენთან ერთად იმუშაოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციას - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები”  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა,  დონალდ ტუსკმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ.

წლევანდელ კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება, ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ესწრებიან.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე: სამასი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს მხარდაჭერისთვის - სამასი წლის შემდეგ, ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, 2019 წლის 11 ივლისი
  • არჩილ თალაკვაძე: სამასი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს მხარდაჭერისთვის - სამასი წლის შემდეგ, ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, 2019 წლის 11 ივლისი