ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

07 მაისი 2018
ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და რუსეთთან მოლაპარაკების ორი ფორმატის შესახებ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო, რომელიც აფხაზ და ოს ხალხთან ისტორიული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გაეროს ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.

საუბარი შეეხო გაეროს რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც, მხარეების თქმით, დევნილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და გაეროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტისას, ისინი დეტალურად გაეცნობიან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემატიკას.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გამახვილდა, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის როლსა და ფუნქციებს აძლიერებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს როლი.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით ქვეყანაში ფართო კონსენსუსია.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, 2018 წლის 7 მაისი
  • ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, 2018 წლის 7 მაისი
  • ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, 2018 წლის 7 მაისი
  • ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, 2018 წლის 7 მაისი