ირაკლი კობახიძე: „მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას ემსახურება“

13 ნოემბერი 2017
ირაკლი კობახიძე: „მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას ემსახურება“

„პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს. 

„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.