პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავის გადასინჯვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

16 თებერვალი 2017
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავის გადასინჯვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში მეოთხე თავის (საქართველოს პრეზიდენტი) განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავი. განხილვის პროცესში საუბარი არ იყო არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე. საუბარი მიდიოდა თითოეულ ნორმაზე და მათ შესაძლო გადასინჯვაზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, არის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს არის მუშაობის ამოსავალი წერტილი და აქ არ არის საუბარი რაიმე შეკვეცაზე ან გაფართოებაზე. აღნიშნულ თავს დაზუსტებები აუცილებლად სჭირდება და ამ კუთხით მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ასევე არ განიხილება არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი, არც უშიშროების საბჭოს გაუქმება. საუბარია მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს ამა თუ იმ მუხლს და ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი თითოეული წევრის მიდგომა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.