საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

09 აპრილი 2019
საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. 

შეხვედრები უკვე გაიმართა ბუტანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ვანგჩუკ ნამგიელთან და ბარბადოსის სპიკერთან, არტურ ჰოლდერთან.

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკაა.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მხარდაჭერის მოპოვება, რაც დიალოგის რეჟიმში იქნა მიღწეული. მხარეები დაგვპირდნენ, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იქნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, დაინტერესდნენ იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთლიანობაში შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული ვიზიტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

დელეგაციის წევრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ფორმატი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც 160 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის, ისეთი ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ვისაც ჯერ კიდევ არ უღიარებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ეს ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შევხვდეთ ქვეყნებს, მაგალითად, წყნარი ოკეანის რეგიონიდან, აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან, რომლებსაც ვერცერთ სხვა ღონისძიებაზე და ფორმატში ვერ შევხვდებით. ამიტომ მთავარი ღირებულება და დატვირთვა ამ შეხვედრების და ვიზიტის არის სწორედ შესაძლებლობა, ვისაუბროთ მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და სწორედ ეს იყოს შეხვედრის მთავარი საკითხი - ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ერთიანობა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარესთან რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარესთან ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერთან, ენ ტოლისთან გამართავს.

გალერეა

  • საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
  • საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
  • საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს