სერგი კაპანაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

14 ივლისი 2017
სერგი კაპანაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაზე და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს უფრო ამბიციური ევროინტეგრაციის გზაზე და მიგვაჩნია, რომ ჩვენი და ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უნდა გაღმავდეს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და აუცილებლად წევრობით უნდა დამთავრდეს. გვქონდა საუბარი სიღრმისეულად, ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე დემოკრატიის კუთხით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებზე,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ.

გალერეა

  • სერგი კაპანაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 14 ივლისი
  • სერგი კაპანაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 14 ივლისი