კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება

05 დეკემბერი 2017
კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების პილოტური ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კანონმდებლობაზე გენდერული გავლენის შეფასების პილოტურ მოდელზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, რომ კანონების მიღების დროს გენდერული ზეგავლენა შეაფასოს, კერძოდ თუ როგორ გავლენას ახდენს ქალებზე და მამაკაცებზე ეს თუ ის კანონი, არის თუ არა განსხვავებული გავლენა და რა პრობლემები შესაძლოა იყოს ამ მხრივ, მხოლოდ წელს შევძელით ამ პილოტური პროექტის განხორციელება. ჩვენ წელს, გენდერული თანასწორობის საბჭომ, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, პილოტურ რეჟიმში ორ კანონპროექტზე ასეთი შეფასება მოვამზადეთ. კერძოდ, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე გენდერული გავლენის შეფასებითი დოკუმენტი მომზადდა, რომელსაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთობლივი სამუშაო პროცესის საკითხებზე ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტის დირექტორის მოადგილემ, ლევან სამადაშვილმა. მისი განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და საპარლამენტო კომიტეტებთან ერთად მომზადებული შეფასებითი დოკუმენტი, კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და იგი ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენს, რომელშიც შეფასების მეთოდოლოგიაა მოცემული.

კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების მნიშვნელობასა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების მაგალითზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა. მისი განცხადებით, ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი და ნებისმიერი ცვლილება ქალზე და მამაკაცზე განსხვავებულ გავლენას ახდენს, შესაბამისად, თუ არ მოხდა აღნიშნული გავლენის კვლევა და გაანალიზება, შესაძლოა კანონმა და რეფორმამ სრულიად განსხვავებული შედეგი აჩვენოს.

ღონისძიების მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძრვანელი, შომბი შარპი მიესალმა და სამუშაო პროცესში მონაწილეობისთვის კმაყოფილება გამოთქვა. მისი მოსაზრებით, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო დაცვის მიმართულებებით საქართველოში გარკვეული გამოწვევები არსებობს და მისი ორგანიზაციის მიზანს ქვეყნის მხარდაჭერა წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციები, რომლებიც კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების პილოტურ ანგარიშებს წარმოადგენს, ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯია.

შეხვედრაზე, გენდერული გავლენის შეფასების პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) კონსულტანტმა, შილა ქუინმა მოხსენება წარმოადგინა და შვედეთის და კორეის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„შრომის კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება მნიშვნელოვანი პროცესია. აღსანიშნავია, რომ შეფასებითი სამუშაოების დიდი ნაწილი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, პარლამენტის თანამშრომლების მიერ მომზადდა და იგი სრულიად ქართულ პროდუქტს წარმოადგენს“, - განაცხადა შილა ქუინმა.

პილოტირების ექვსთვიან პროცესზე ინფორმაცია გენდერული საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმიამ მიაწოდა. მან ყურადღება დაუთმო როგორც დონორი ორგანიზაციების ჩართულობას, ასევე პარლამენტის აპარატის წევრებს შორის გენდერული გავლენის შეფასებაზე გამოცდილების მიღების პროცესს.

მოხსენებების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა პილოტური გენდერული გავლენის შეფასებების პრეზენტაციით გაგრძელდა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატების თანამშრომლებმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის და შრომის კოდექსის ცვლილებების შეფასებითი ანალიზი წარმოადგინეს და კვლევების შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე, არსებულ გამოწვევებზე და სარეკომენდაციო ნაწილზე ისაუბრეს.

წარმოდგენილ პრეზენტაციებზე მოსაზრებები და რეკომენდაციები GGI-ის კონსულტანტმა, მაკა ჭითანავამ და UNDP-ის და NDI-ის კონსულტანტმა, ნანა ჯანაშიამ გამოთქვეს.

გალერეა

  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი
  • კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასება, 2017 წლის 5 დეკემბერი