რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია

09 ოქტომბერი 2018
რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია

ევროსაბჭომ მოსკოვს უარი უთხრა სანქციების გაუქმებაზე. 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი. 16-მა თავი შეიკავა. სწორედ ასე გადანაწილდა ხმები და რეზოლუცია განსახილველად კომიტეტებში დაბრუნდა.

„ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ. 

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში რაიმე ცვლილება, ამაზე კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა.