თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი, გვინდა, რომ იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში ეს გულისხმობს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას

05 თებერვალი 2019
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი, გვინდა, რომ იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში ეს გულისხმობს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას

„ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტთან იყო 10 წლის წინ. 10 წლის წინ ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი და მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი კომიტეტის სხდომებს. მაშინ პირველად ვნახე ჩემი თვალით, როგორ მუშაობდა პარლამენტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი ოდესმე მქონია. იმიტომ, რომ აღმოჩნდა სრული სიცარიელე, პარლამენტი ზუსტად იმავე ფუნქციის მატარებელი იყო, რა ფუნქციასაც ატარებენ ნოტარიუსები და აბსოლუტურად არანაირი პროცესი არ მიდიოდა იქ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, არ იყო არანაირი განსხვავებული აზრი, აბსოლუტურად არანაირი განსხვავებული პოზიცია, არანაირი კითხვა, ზედამხედველობასა და მინისტრის დაბარებაზე კი საუბარი კი არა ფიქრიც არ მიდიოდა.

„მქონდა სურვილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს, აღმოჩენილიყო დარბაზში პარლამენტის წევრი, რომელიც ჩათვლიდა თავს ვალდებულად, კითხვა დაესვა. ძალიან ბევრ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ვესწრებოდი, თითქმის არ იყო ადამიანი, რომელსაც კითხვის დასმის სურვილი გაუჩნდებოდა და როგორც წესი, ვიყავი ხოლმე მარტო მე, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელსაც შეიძლებოდა კითხვა გასჩენოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მთავარ ამოცანად პარლამენტის გაძლიერება განისაზღვრა.

„ორი წლის წინ, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა, როდესაც გვეკითხებოდნენ, რა იქნებოდა მე-9 მოწვევის პარლამენტის მთავრი ამოცანა, სრულიად გულწრფელად ვპასუხობდით, რომ ჩვენ გვინდა პარლამენტი იყოს ძლიერი, იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობას, პარლამენტს უნდა შეეძლოს მთავრობის კონტროლი და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში, ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, პარლამენტი ორი მინისტრის ანგარიშს მოისმენს.

„დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი დღეა. იმ ახალი კანონმდებლობით, რომელიც ძალაში სულ რამდენიმე კვირის წინ შევიდა, ჩვენ ვიწყებთ ახალ რეჟიმში მუშაობას. პირველივე კვირას, ჩვენ ორ უმნიშვნელოვანეს დარგზე პასუხისმგებელი მინისტრები გვეწვევიან, რომ მოვისმინოთ რას აკეთებენ, დავუსვათ მწვავე კითხვები, დავრწმუნდეთ, სწორად მიდის თუ არა შესაბამისი მიმართულებით საქმიანობა. თუ არ მიდის, გავაკრიტიკოთ, თუ საჭიროა, შევაქოთ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი იყვნენ ანგარიშვალდებულები ხალხის წინაშე და ანგარიშვალდებულები - საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, დღეს სხვა რეალობაა და საქართველოს პარლამენტმა უნდა იმუშაოს სხვანაირად ვიდრე ამას აკეთებდა ოდესმე, ამისთვის კი, არსებობს ყველა შესაძლებლობა შესაბამისად, ყველა პარლამენტარს ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ყველა ჩვენთაგანზეა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად. სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა გააჩინა ეს შესაძლებლობები და მისცა პარლამენტს ის ფუნქცია, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონია. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დარჩენილი ორი წლის განმავლობაში ეს ფუნქცია განვახორციელოთ ისე, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დარწმუნდეს, რომ პარლამენტი ზრუნავს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებთ, პარლამენტი ფიქრობს და საუბრობს იმ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და წყვეტს ამ საკითხებს.

ამ პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, რომ ეს უფლებამოსილება, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ კონსტრუქციულად, გამოვიყენოთ საქმიანად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომა ასეთი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს და არა „კონცერტები და სცენები“. იმედი მაქვს, რომ ამას იხილავს ჩვენი მოსახლეობა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ იმედები და მოლოდინი გამიმართლდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსაც შეეხო, რაც მისივე განცხადებით პარლამენტს დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

„ჩვენ წინაშე არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ასეთი პასუხისგებლობა არ მდგარა არცერთი პარლამენტის წინაშე. უნდა დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს 18 მოსამართლე და უნდა დავნიშნოთ ისინი უვადოდ. ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა. ეს პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში გაგვყვება. ამიტომ, მინდა, პირველ რიგში, მივმართო იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დღეს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინია, რომელიც ძალიან კარგი იურისტია და რომელსაც მოუწევს, ატაროს სრული პასუხისმგებლობით ის ტვირთი, რა ტვირთსაც მას პარლამენტი დააკისრებს. მან უნდა უზრუნველყოს ღია, გახსნილი პროცესი და საზოგადოების ნდობა იმ უმნიშვნელოვანესი თემის მიმართ, რომელზეც ყველას ერთად გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ კოლეგებს წარმატება უსურვა მომდევნო ორი წლის საქმიანობაში.

„მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვანი ორი წლის გზაზე, წარმატებები ვუსურვო თითოეულ ჩვენთაგანს, პირველ რიგში, იმ საქმის განხორციელებაში, რასაც ჰქვია ამ ახალი კონსტიტუციის, ახალი რეგლამენტის სწორი იმპლემენტაცია; ასევე, წარმატება ვუსურვო, რომ არ გავუცრუოთ საზოგადოებას იმედები იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რაც ქართული მართლმსაჯულებისთვის გადამწყვეტი ფაზაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.