თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“

20 მარტი 2017
თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში თემაზე: „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, რომელიც ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. 

კონფერენციის მიზანი იყო ქალების როლის გაძლიერება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება როგორც ქალების, ასევე კაცების თანაბარი მონაწილეობით ბევრად უფრო ეფექტურია და ბევრად უფრო ადეკვატურად პასუხობს სხვადასხვა გამოწვევებს.

„ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას. ეს ეხება ორგანიზაციის მართვას, ბიზნესს, ნებისმიერ მოცემულობას. იმ ორგანიზაციებში, სადაც მონაწილეობა არის თანაბარი, მუშაობა ბევრად უფრო გამართულია. ასეთი ჯგუფების და გუნდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრად უფრო დაბალანსებულია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხები მიიღება მხოლოდ მამაკაცების ან დომინირებულად მამაკაცების მიერ, ხშირად იგნორირებულია ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოების მეორე ნახევრისთვის ძალიან მგრძნობიარეა და შესაბამისად, გადაწყვეტილებები არ არის ისეთი სწორი და ეფექტური, როგორიც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ყველა ერთად მიიღებდა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ერთი-ერთი მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებსაც ჰქონდეთ სრული და თანასწორი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური განვითარების პროცესში.

„თუკი გოგონას ოჯახი არ აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას და მის როლს ხედავს როგორც მხოლოდ დიასახლისის ან დედის, შესაბამისად, ამ ადამიანს მოგვიანებით არ აქვს საშუალება წვლილი შეიტანოს მომავალი ოჯახის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამიტომ, განათლების მიღების შესაძლებლობაში თავიდანვე არსებული უთანასწორობა ამ ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად პირდაპირპროპორციულად აისახება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ქალები 15%-ით არიან წარმოდგენილნი, რაც საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია და ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური არ არის, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევაა, რომლის წინაშეც ბევრი ძალიან განვითარებული ქვეყანაც დგას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების პროცენტული წარმომადგენლობა დაბალია, ყველა ქალ დეპუტატს ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი პოზიცია უკავია, რაც ძალიან კარგია: „გვყავს 2 ვიცესპიკერი, 15 კომიტეტის თავმჯდომარიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარე ქალია, 2 ფრაქციის ხელმძღვანელობაში ქალია და ასევე, 9 ქალი კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები არიან. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ თითქმის არ გვყავს ქალი პარლამენტში, რომელიც არ არის მნიშვნელოვან პოზიციაზე და ყოველი მათგანი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეებზე.

„მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მაქსიმალურად ვცდილობთ მოხდეს ქალების წახალისება, რომ გააქტიურდნენ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ჩაერთონ საკრებულოების ან ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში უფრო მეტად. საკრებულოების დონეზე ქალების წარმომადგენლობა ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ სადაც კი ქალები აქტიურდებიან, იქ იცვლება გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გამოწვევებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ქალი წამყვან პოზიციაზეა, მის მიმართ ძალიან მაღალია მოთხოვნები, მისგან სოციუმი ბევრად მეტს ითხოვს და თუკი ის შეცდომას უშვებს, ეს მის სქესს ბრალდება.

„ეს არ არის გამონაკლისი ჩვენი საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრ ქვეყანაში და სოციუმში არსებობს ეს გამოწვევა. მაგრამ, მთავარია ჩვენ გვყავს ქალები, რომლებიც არიან აქტიურები, საინტერესოები, განათლებულები, მონდომებულები და ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ქალებით ხდება გარდატეხა საზოგადოებებში და რეალური თანასწორობის მიღწევის გზით ქვეყნის განვითარება“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კონფერენციაზე გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

კონფერენციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია სწორედ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე დამატებითი საუბარი საზოგადოებასთან. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობის პროცენტულობა. ქალები არიან საზოგადოების ნახევარი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ მათი ხმა სათანადოდ ისმოდეს. მე იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გაიზრდება ადგილობრივ დონეზე ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, 2017 წლის 20 მარტი