ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ საკომიტეტო განხილვას ითხოვენ

17 ივლისი 2019
ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ საკომიტეტო განხილვას ითხოვენ

პარლამენტის წევრებმა, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი გამართეს და ამ საკითხის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა მოითხოვეს.
 
ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია შესაბამისმა კომიტეტებმა მოკლე დროში დაგეგმონ სპეციალური მოსმენა დახურულ ფორმატში, სადაც დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. 

განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ საკითხს სჭირდება კომპლექსური ხედვა პარლამენტის მხრიდან. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ისტორიული მნიშვნელობის, ამავე დროს ეს არის ის თემა, რომელზედაც წლების განმავლობაში მუშაობს სპეციალური სამთავრობო კომისია დემარკაციის და დელიმიტაციის, მაგრამ ამ კომისიის მუშაობის შედეგები არ არის ცნობილი პარლამენტისთვის. ამ საკითხის მიმართ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ფრთხილი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, რა საკვირველია, განსახილველი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობის ჭრილში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა, რომელიც არის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ორგანო, მიიღოს სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია კომისიის მუშაობის შედეგების და მისი სამოქმედო გეგმის თაობაზე და არა ფრაგმენტული ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებიდან. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გამოყენებული უნდა იყოს საპარლამენტო ფორმები და ამისთვის დეპუტატები პარლამენტს კონკრეტულ ფორმატსაც სთავაზობენ. 

ეკა ბესელიას განცხადებით, საგარეო საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ფარგლებში, დახურულ ფორმატში შეიძლება გაიმართოს დეტალური მოსმენა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს აღნიშნული კომისია, იმიტომ, რომ პარლამენტმა განსაზღვროს ამ კომისიის შემდგომი მუშაობის მანდატი, მისი მოქმედების არეალი და კანონმდებლებს ჰქონდეს მუდმივი ინფორმაცია, რომ შემდგომ დაიგეგმოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მთავრობას სამოქმედო ჩარჩოს განუსაზღვრავს. ეკა ბესელიას განცხადებით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოც და მასთან კონსულტაციებით უნდა მოხდეს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. 

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ვითარება ყველა არსებული მონაცემით, რაც დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს, დამშვიდებულ მდგომარეობაში ყოფნის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. 

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ესაა ის თემა, რომელსაც ორივე მხარე უნდა მოექცეს განსაკუთრებული სიფრთხილით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ არა მარტო ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების წინაშე, არამედ იმ არაჩვეულებრივი, მეგობრული დამოკიდებულების წინაშე, იმ ისტორიის წინაშე, რომელიც გვაერთიანებს ამ ორ ქვეყანას, რომელიც იყო ყოველთვის სამაგალითო და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული ემოციებზე დაყრდნობით რომელიმე განცხადების გაკეთება ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს იგი - ქართველი თუ აზერბაიჯანელი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
 
მისი განცხადებით, არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამთავრობო კომისიასთან პარლამენტის წევრების შეხვედრა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი კომისია ამჯერადაც უარს იტყვის შეხვედრაზე, პარლამენტს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ უნდობლობა გამოუცხადოს აღნიშნულ კომისიას. 

ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, თუ კომისიასთან პარლამენტართა შეხვედრა არ მოხდება, მაშინ მუშაობას სხვა გეგმის მიხედვით გააგრძელებენ.