ეკა ბესელია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

07 ნოემბერი 2019
ეკა ბესელია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

ეკა ბესელია ახალგაზრდებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე და იქ მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარეობაზე.

პარლამენტის წევრი სტუდენტებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც განსაკუთრებული მსჯელობის საგანი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იყო.

შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი აქტუალური საკითხებით, როგორიცაა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებები, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები.

„ამ ქვეყანას სჭირდება განათლებული, ძლიერი ახალი თაობა. თქვენ გაქვთ უნიკალური ასაკი იმისთვის, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოთ. თქვენ გჭირდებათ კარგი გზამკვლევი ადამიანები, რომლებიც სწორ ორიენტაციასა და მიმართულებაში დაგეხმარებიან. ამაში ვხედავთ ჩვენს როლს, რომ დავეხმაროთ ახალ თაობას, ვაჩვენოთ ის, რომ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის, უნდა იბრძოლოთ საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად. უნდა იყოთ პრინციპულები. საჯარო ინტერესი უნდა დააყენოთ პირად ინტერესზე მაღლა. ეს რთულია, მაგრამ აუცილებელი“, - მიმართა ახალგაზრდებს პარლამენტის წევრმა.

შეხვედრის დასასრულს ეკა ბესელიამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„სტუდენტურ პარლამენტთან უკვე მეოთხე შეხვედრა გავმართეთ, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და მოვისმინოთ მათი ხედვა. კარგად ჩანს მიმდინარე პროცესების მიმართ სტუდენტების კრიტიკული განწყობა. დღეს ყველაზე მეტი კითხვა მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაისვა. ეს პროცესი ეხება მათ მომავალს. ისინი აქტიურები უნდა იყვნენ ამ პროცესში და უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ამ პროცესს არასწორად წარმართვის შემთხვევაში მოჰყვეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ეკა ბესელია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 7 ნოემბერი