ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა

13 დეკემბერი 2019
ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა

პარლამენტს დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა შეაფასა და 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

„მინდა გავაკეთო საგანგებო განცხადება. გუშინ, უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ არჩევამ ქვეყნის დემოკრატიას და დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას მიაყენა უდიდესი დარტყმა და უდიდესი ზიანი.  

ამერიკის საელჩოს განცხადება, ყველა ოპოზიციური პარტიის, ყველა სამოქალაქო ორგანიზაციის, საერთაშორისო პარტნიორების, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის და სახალხო დამცველი შეფასება არის უმწვავესი და კრიტიკული ამ შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ საჭიროა ვიპოვოთ და დავინახოთ კონკრეტული გამოსავლის გზა. მე მინდა შემოგთავაზოთ შვიდი პუნქტი, რომელიც მიმაჩნია, რომ არის განსახორციელებელი და არის უსწრაფესად გასაკეთებელი.

პირველ რიგში, საჭიროა შეჩერდეს  დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის პროცესი როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და პარლამენტშიც.

მათ აღარ აქვთ ის არგუმენტი, რომ სასამართლო ვერ იფუნქციონირებს და იმ ვითარებაში, როდესაც  ყველას მიერ გაკრიტიკებულია ის პროცედურა, რითიც მიმდინარეობს ახლა შერჩევის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ახალ პოზიციებზე და ახალ ვაკანსიებზე ახალი კანდიდატურების განხილვა აღარ უნდა მოხდეს.

მეორე - საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს. სწორედ, ამ ნორმის საფუძველზე ხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა. ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსაც და პარლამენტს, რომ ამ საზიანო, ცუდი, არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა.

მესამე - შემდეგ კვირას მე წარვადგენ ახალ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი არის თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ევროსაბჭოს მომხსენებლების რეკომენდაციებით,  ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი. ეს რეკომენდაციები  მიზნად ისახავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდეს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ დაწუნებული, ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად, ახლა საბჭო დაიწყებს იმ დარჩენილი კანდიდატებიდან ახალი კანდიდატების წარმოდგენას, რომელიც ისევ იქნება მათი პირადი ინტერესებით შერჩეული.  

მეოთხე - პარლამენტს მივმართავ, რომ   რეზოლუცია კლანური მმართველობის შესახებ, რომელიც არის დღის წესრიგში და მიზნად ისახავს კონკრეტულ გეგმას, კენჭი უყაროს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

მეხუთე - უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. კენჭისყრაზეა გაჩერებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი. ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რითიც საბჭოს აღარ ექნება  კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

მეექვსე - ეს არის მომავლის გეგმა და შეთავაზება. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ და დავიწყებ დიალოგს უსწრაფესად ამ საკითხზე, რათა წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტია არჩევნების შემდეგ იქნება ახალ პარლამენტში წარმოდგენილი,  რომლითაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების, ხალხის წინაშე, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება - გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა და დადგინდება მოსამართლეთა ვადიანი განწესების წესი.

პასუხი კითხვაზე - რა ვუყოთ იმათ, ვინც უკვე არჩეულია, არის ის, რომ კონსტიტუციით და კანონის პროცედურებით მოხდება იმ მოსამართლეების სახლში გაშვება, ვინც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის და რეპუტაციულ ტესტს.

ამიტომ, აქ გამოსავალი არის კონსტიტუციური ცვლილება, რომელზედაც შეთანხმება ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ არჩევნების წინ, იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს.

მეშვიდე - ამ ცვლილებით მოხდება უვადოდ მოსამართლეთა არჩევის წესის გაუქმება და  ყველას ვადიანზე გადაყვანა. იმ ვადაში, თითქმის, ყველას უკვე დასრულებული ექნება სამოსამართლო პრაქტიკა  და ის მოსამართლეები, რომლებსაც რეპუტაცია არ აქვთ, წავლენ სახლში და მოხდება ახალი მოსამართლეები შემოყვანა სისტემაში, რომლებსაც აქვთ მაღალი რეპუტაცია, კარგი კვალიფიკაცია და ასევე, შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი.

 ეს არის შვიდი პუნქტი, რომელსაც მე ახლა ვთავაზობ ყველას, ვისაც შეუძლია ამ პროცესში იყოს თანამონაწილე. ეს არის მოკლევადიანიც და გრძელვადიანი გეგმაც და  უნდა დავიწყოთ მოქმედება სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თვითგვემას მივეცეთ. საჭიროა ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და მე მჯერა, მიუხედავად იმ ძალადობისა, რაც  გუშინ მოხდა პარლამენტში, ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების გადაწყვეტას და შევძლებთ ამ იდეის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გადარჩენას და ბოლომდე მიყვანას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, 2019 წლის 13 დეკემბერი