ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის დანიშვნის გამო საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა

09 დეკემბერი 2019
ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის დანიშვნის გამო საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა

 „ეს არის ჩემი საგანგებო მიმართვა. მე მივმართავ ჩემს ხალხს, მივმართავ საზოგადოებას, მივმართავ ყველას, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ვისთვისაც არ არის სულ ერთი საკუთარი მომავალი, ვისთვისაც არ არის სულ ერთი საკუთარი ქვეყნის მომავალი.

ეს არის ზეპარტიული  საკითხი, ამიტომ ყველას, ვისთვისაც ღირებულია როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მინდა მოგიწოდოთ 11 დეკემბერს, ოთხშაბათს, დილის ათის ნახევარზე მოხვიდეთ იმ ორგანოსთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანოა -  საქართველოს პარლამენტთან, სადაც იმ დროს უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების არჩევის საკითხი და ეს საკითხი განსაზღვრავს როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში.

საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას სწორედ თქვენი სახელით, რომ უვადოდ იყოს არჩეული უზენაესი ანუ ბოლო ინსტანციის სასამართლო.

ეს განსაზღვრავს ამ ქვეყნაში როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე, იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან, იქნებით თუ არა დაცული უსამართლობისგან, იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო, იქნება თუ არა მედია თავისუფალი, იქნებით თუ არა სოციალურად უკეთეს მდგომარეობაში, იქნება თუ არა ბიზნესი თავისუფალი და თითოეული თქვენთაგანი იცხოვრებს თუ არა მშვიდად ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სწორედ, ეს ინსტიტუტი, ხელისუფლების ეს შტო - სასამართლო განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი და არაძალადობრივი გარემოს არსებობას.  

ზუსტად ერთი წლის წინ, მე ამ სიის გამო, რომელიც პარლამენტში ისევ დადგება კენჭისყრაზე, დავტოვე თანამდებობა, დავტოვე მმართველი პარტია.

თითქმის მარტომ გავუძელი წარმოუდგენელ პერსონალურ, პირად თუ  პოლიტიკურ შეტევებს. გადავიტანე უმძიმესი, მართლაც მორალური თავდასხმები. და ეს უკავშირდებოდა, სწორედ ამ სიას, ამ პროცესს, ამ კენჭისყრას.

მე მაშინ შევძელი  შემეჩერებინა ის სახიფათო პროცესი, მაგრამ მე დღეს მარტო ამას ვერ შევძლებ. მე მჭირდება ყველას დახმარება. მჭირდება, პირველ რიგში, გავაგონო ეს ხმა იმ დეპუტატებს, ვინც თქვენი სახელით უნდა უყაროს კენჭი და აირჩიოს მოსამართლეები, რომელთა დიდი ნაწილი, 20-დან 16 ადამიანი, განასახიერებს წარსულის ძალადობრივ რეჟიმს.

მათ თქვენი სახელით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, მოგიწოდებთ მშვიდობიანად, არაძალადობრივი პროტესტით პარლამენტის შენობასთან, რომელიც ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, თქვენი ხმა გააგონოთ დეპუტატებს, თქვენი ხმა გააგონოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი სახელით მიიღებენ ამ წლის ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას.  

სიმბოლურია, რომ ეს ერთი წლის თავზე ხდება. სიმბოლურია, რომ ჩვენ ისევ წარსულს ვებრძვით. სიმბოლურია, რომ ისევ გვიწევს ბრძოლა, რომ დავამარცხოთ ის ძალადობრივი სისტემა დღეს, რომელიც „ქართული ოცნების“ - მმართველი პარტიის წაქეზებით და მათი მხარდაჭერით დღეს ისევ არის რეანიმირებული.

სამწუხაროა, რომ დღეს ისევ დევს ამ პარლამენტში ამ ათკაციანი სიიდან ხუთი იგივე  გვარის კანდიდატი, ხოლო დანარჩენებიდან უმრავლესი მათგანი, სწორედ, იმ ძალადობრივ სისტემას ამაგრებდა. ამიტომ, მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად ეს მოწოდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა,  ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
                          
მისივე თქმით, სავარაუდოდ,  საკითხის კომიტეტზე განხილვის შემდეგ, იმავე დღეს ან მეორე დღეს გაიმართება სესიაზეც  ამ კანდიდატების არჩევა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაუგზავნის მის მიერ მომზადებულ ოთხმოცგვერდიან დამოუკიდებელ  დასკვნას, რომელიც მთლიანად ასახავს მთელ პროცესს და მისივე შეფასებით, ამ პროცესის ნეგატიურ მხარეებს.  

გალერეა

  • ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის დანიშვნის გამო საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა, 2019  წლის 9 დეკემბერი
  • ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის დანიშვნის გამო საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა, 2019  წლის 9 დეკემბერი