„მომგებიანი და აზარტული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის" შესახებ კანონპროექტს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთა ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დაარეგისტრირებს

17 ოქტომბერი 2019
„მომგებიანი და აზარტული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის" შესახებ კანონპროექტს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთა ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დაარეგისტრირებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი ხვალ, პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირებს კანონპროექტს „მომგებიანი და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 9 თვის წინ, ერთხელ უკვე ჩააგდო.

ჩვენ ხელახლა დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, სადაც არის მარტივი ფორმულირება - რომ იკრძალება ნებისმიერი რეკლამა, რომელიც დაკავშირებულია აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან. რეკლამები იკრძალება როგორც სატელევიზიო ასევე, ელექტრონულ ფორმატში, ინტერნეტში, გარე რეკლამებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ყველგან, სადაც სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ აღასრულოს კანონი“, - აღნიშნული განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების სეგმენტურად ზრდა, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა რამდენიმე მიმართულებით. „ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ეს ბიზნესი ჰქმნის ქვეყანაში და სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს არასრულწლოვნებს აღნიშნული სერვისის მოხმარებისაგან თავის შეკავებაში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი არის ამ სერვისის მომხმარებელი და სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღვასრულოთ კანონი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე, ისაუბრა ფულის გათეთრებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ რისკებზე. მისი განცხადებით, არსებული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა ამ კომპანიების სერვისის გამოყენების საშუალებით, თანხის გათეთრება შეძლონ.

სამწუხაროდ, სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმუმ ამ ორი რისკისგან დაიცვას ჩვენი საზოგადოება, რომ არაფერი ვთქვათ მოთამაშეების რაოდენობის ზრდის მასშტაბზე, რომელმაც სამწუხაროდ, არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონ საქართველოს მოქალაქეს გადააჭარბა. ამ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დავარტყათ ტრენდს, ვთქვათ რომ თამაში არის ცუდი და ამ ქვეყანაში ავკრძალოთ აზარტული და მომგებიანი თამაშის რეკლამა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ეს საკითხი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო 10 თვის წინ, „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდა პოლიტიკური ნება. კანონპროექტი უნდა იქცეს კანონად სწორედ იმ რედაქციით, რა რედაქციითაც ინიციატორი სთავაზობს პარლამენტს. მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტმა სრულად უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტის წევრების და უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გალერეა

  • „მომგებიანი და აზარტული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის" შესახებ კანონპროექტს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთა ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დაარეგისტრირებს, 2019 წლის 17 ოქტომბერი