პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი

07 ნოემბერი 2019
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა კანდიდატებზე ისაუბრეს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ბრიფინგის გამართვის დღედ 7 ნოემბერი სპეციალურად შეირჩა, რადგან ეს დღე არის ძალადობის, ერთ-ერთი მასშტაბური და სასტიკი დარბევის დღე.

„სწორედ ამიტომ, დღეს სიმბოლურად გადავწყვიტეთ ჩვენი სათქმელი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის საფრთხე, რომელიც ახლავს იმ საბედისწერო შეცდომას, რომელიც შეიძლება დაშვებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში წარმოდგენილ მოსამართლეებს უვადოდ აირჩევს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, გასულ წლებში სასამართლო კონტროლის შემთხვევაში ქვეყანა თავიდან აიცილებდა ბევრ ძალადობას და არ მოხდებოდა არაერთი პატიმრის და ადამიანის გაუბედურება. მისივე თქმით, ქვეყანა კვლავ საფრთხის წინაშე დგება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იურიდიული კომიტეტისთვის წარდგენილ 20-კაციან სიაში, 15 არის ის მოსამართლე, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივ რეჟიმს აკანონებდა და ლეგიტიმაციის საშუალებას აძლევდა.

„წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის შემთხვევაში თქვენ და თქვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დადგება, რადგან მრავალი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი და აღარ იქნება გარანტია, რომ კონსტიტუციურად იქნებით დაცულნი. ამიტომ მოგმართავთ, რომ გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება და კენჭისყრის დღეს მძლავრი პროტესტი გამოვხატოთ. ეს პროტესტი უნდა გაიგონოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და პროტესტის და წინააღმდეგობის გაწევის ფორმის შერჩევის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ მოსამართლეთა წარმოდგენილ კანდიდატებსა და 2012 წელს მიღებულ ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ მოსამართლეების დამტკიცებით „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დაასამარებს იმ ერთადერთ ჰუმანურ აქტს, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით 2012 წლის დეკემბერში იქნა მიღებული.

გალერეა

  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი
  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი
  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი
  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ბრიფინგი