პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

22 ნოემბერი 2019
პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართლ ბრიფინგზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს პარტიის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ხედვები გააცნო. მისი განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლა არ სურს. 

„შეგნებულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მხოლოდ ორი პოლიტიკური მხარე - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და თუ არ იქნება „ქართული ოცნება“ მაშინ ხელისუფლებაში რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება. ეს ვითარება კი ქვეყნის განვითარების საკითხებზე ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას ბლოკავს“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, „სოციალ-დემოკრატები ქვეყნის განვითარებისთვის“ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიამ პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზა, თუმცა უმრავლესობამ, მის მიერ შეთავაზებული მოდელი, არ გაიზიარა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტია ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ხელისუფლების მორიგი ცვლილებებისთვის ან მხოლოდ პარლამენტში მოხვედრისთვის არ იბრძვის და მათი მიზანია ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც „ქვეყანას რეალურად განავითარებს“.

გია ჟორჟოლიანი პარტიის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ მომზადებული რეფორმების ძირითად პრინციპებს და ხედვებს საზოგადოებას 25 ნოემბერს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გააცნობს.