საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

12 ოქტომბერი 2020
საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დარღვევები გამოვლინდა საარჩევნო კამპანიის დროს, რომლის მიზანია სხვადასხვა მეთოდით ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენა.

„გადავწყვიტე, საგანგებოდ გამეკეთებინა განცხადება საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არჩევნები რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც ქვეყნისთვის ბევრ რამეს შეცვლის, ამაში ყველა ვთანხმდებით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნების ჩატარებას და არა მხოლოდ 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს, არამედ როგორ მივალთ 31 ოქტომბრამდე. ამიტომ, მთლიანობაში როგორ შეფასდება ეს არჩევნები, ამაზე გავლენას მოახდენს რამდენად თავისუფალი იქნება გარემო. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც აკეთებს განცხადებებს ისე, რომ არ ჰქონდეს რაიმე კონკრეტული ფაქტები და გარემოებები. ამიტომ, დღეს რამდენიმე გაფრთხილება მინდა გავაკეთო იმ ადამიანების მისამართით, ვინც სხვადასხვა თანამდებობაზე წარმოადგენენ დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობის დონეზე, რომლებიც ან შეთანხმებით ან ზედმეტად თავის გამოჩენის მიზნით, საკუთარი ინიციატივით, ჩართული არიან სრულიად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ეს ეხება: სხვადასხვა მეთოდით ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას, მათ შეშინებას, სხვადასხვა ტიპის მუქარას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - სოციალურად დაუცველებისთვის ძალიან უხეში ფორმით იმის შეხსენებას, რომ მათ სოციალური დახმარებები აღარ ექნებათ თუ ისინი გააგრძელებენ ჩვენი კანდიდატების ღიად მხარდაჭერას. ეს ეხება ადამიანებს, რომლებსაც უნდათ შეხვედრაზე მოსვლა და ვერ მოდიან, რადგან ეუბნებიან, რომ თუ საჯაროდ გამოჩნდებიან და აქვთ რაიმე სამსახური, ამ სამსახურებს დაკარგავენ. ნებისმიერი ასეთი მოქმედება, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე, მისი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე მინდა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ დანაშაულს ჩადის და აცნობიერებს და მაინც აძლევს თავს ამის უფლებას ვუთხრა, რომ ამას ყველაფერს ჩვენ აღვრიცხავთ, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებსაც გავუგზავნით და მერე მოვთხოვთ ამის პასუხს, მოხდა თუ არა რეაგირება. არცერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს ნამდვილად ასე იქნება, როგორც არ უნდა წარიმართოს არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა განაცხადა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ფაქტებს ადგილი ჰქონდა მცხეთის ოლქში, ზესტაფონში, ზუგდიდში და თბილისში.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი, 2020 წლის 12 ოქტომბერი
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი, 2020 წლის 12 ოქტომბერი
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი, 2020 წლის 12 ოქტომბერი