საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

05 იანვარი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდნენ და დაბადების დღე მიულოცეს. 

„ჩვენთვის ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობის თითოეული წუთი. გულით და სულით მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე, დამდეგი შობა-ახალი წელი უდიდესი პატივისცემით, რასაც თქვენ იმსახურებთ ათწლეულებია. თქვენი ნაღვაწი არის განუზომელი და შეუფასებელი. უღრმესი, გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებთ. მინდა გისურვოთ მხნეობა. თქვენ გვჭირდებით თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ძალიან სჭირდებით ჩვენს სამშობლოს, რადგან ყოველთვის, როდესაც საერთო ინტერესზე - ერის, ქვეყნის და რწმენის სიყვარულზე იყო საუბარი თქვენ იყავით ამ ყველაფრის გამაერთიანებელი და შეიძლება ითქვას, სიმბოლოც კი. თქვენ იყავით ყოველთვის სიმბოლო გაერთიანების, რწმენის, სიყვარულის და იმედის. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენი მეთაურობით, შევძლოთ, სიყვარული დავამკვიდროთ მეტად. ქვეყნის ერთიანობისკენ ბრძოლა და ქვეყნის ერთიანობისკენ სწრაფვა - ეს იმედი ერთად ჩავუსახოთ ჩვენს შვილებს გულში და ამ ყველაფერზე ქმედითად ვიზრუნოთ. ამის გამაერთიანებელი თქვენ ბრძანდებით. დიდი ხნის სიცოცხლეს და მხნეობას გისურვებთ. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ შეძელით ამ ქვეყანაში“, - მიმართა პატრიარქს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ერისა და ქვეყნის წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

„მისი უწმინდესობის ლიდერობით საქართველომ სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე შეძლო ავტოკეფალიის მოპოვება. შესაბამისად, ჩვენი ეკლესიის თავისუფლება წინ უძღოდა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამ ეპოქალურ საქმეში მისი უწმინდესობის როლი არის განუმეორებელი“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, პატრიარქის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიას პირველად აქვს თავისი ეპარქიები მთელ მსოფლიოში, რაც ჩვენს ემიგრაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანში სულიერი ტვირთის, რწმენის და სიყვარულის ტარებაში ეხმარება.

მისივე თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის შედეგად, საქართველოს ეკლესიამ პირველად, დადო კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსთან.

„ის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა, რითაც გაიმიჯნა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უფლებამოსილებები კონსტიტუციური შეთანხმებით, 2002 წელს დადასტურდა და ამ შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი, მთავარი ხელმომწერი არის მისი უწმინდესობა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი პატრიარქი - ილია მეორე“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, მისი უწმინდესობის შრომის შედეგად, სახელმწიფომ პირველად აღიარა სასულიერო განათლება, როგორც განათლების ერთი სახეობა.

„მერვე მოწვევის პარლამენტში, აკადემიური და პროფესიული განათლების კვალდაკვალ, ჩვენ ვაღიარეთ სასულიერო განათლება, როგორც განათლების სახეობა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს საფუძველი ჩაუყარა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც წარმოდგენილი არის მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში.

„2019 წლის ივნისში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თბილისი გახდება ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა. მისი უწმინდესობის ღვაწლი იმდენად დიდი, მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რომ მე არ მეყოფა ცოდნა, დრო და საშუალება, იმისთვის რომ სრულად ჩამოვთვალო“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მას მადლობა გადაუხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის აკეთებთ. დიდი იმედია ჩვენთვის, როდესაც თქვენი კეთილი სიტყვა გვესმის. ჩვენ იმდენად დიდი მოკრძალება და შიში გვაქვს იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებთ, რომ ძალიან გვჭირდება უფლის წყალობა და თქვენი დალოცვა. მიიღეთ ჩვენი სიყვარული და დაბალი მოწიწება ჩვენგან. მიგვიღეთ არა როგორც კანონმდებლები, არამედ, როგორც თქვენი სულიერი შვილები და დაგვლოცეთ“, - მიმართა პატრიარქს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ენძელა მაჭავარიანმა.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოჯახებთან ერთად ესწრებოდნენ, რომელთა შორის პატრიარქის ნათლულებიც იყვნენ.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს. ბედნიერი იყავით თქვენ და საქართველო. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობამ, სიხარულმა, ურთიერთსიყვარულმა დაისადგუროს ჩვენში. დალოცვილი იყავით“, - მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ ქართველ კანონმდებლებს.