არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს

18 ნოემბერი 2019
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს

პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. 

მისი თქმით - „2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, ჩატარდება კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა ინიციატივამ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს, ჩაწერილია მოქმედ კონსტიტუციაში იმ რეფორმის შედეგად, რომელიც 1 წლის წინ პარლამენტმა განახორციელა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც განუხრელად იყო და იქნება დაცული მომავალშიც - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მომხრეები კვლავ შეცდომაში შეიყვანა, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა ისინი და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს გასცდა.

„საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ამ  მიზნით ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა გააკეთა. ეს ცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის,  მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  გუშინ საღამოს, დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, პირადად მქონდა თითოეულ მათგანთან საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ პროტესტი კანონის ფარგლებში. ასევე შევთავაზე, რომ  დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ მხარეებს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ სტრატეგიულმა პარტნიორებმა - აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მოუწოდეს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება იმ სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას ნიშნავს, რომელიც ყოველდღიურად სასიცოცხლოდ აუცილებელია მოქალაქეებისთვის.

„სახელმწიფო ინსტიტუტების და ფუნქციების ბლოკირება სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე  გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ პარლამენტის ჭიშკრებზე ბოქლომების დადების ფაქტსაც.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე, ოპონენტებს გაჭრილი ბოქლომი დაუბრუნა და განაცხადა, რომ ეს ნივთი სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომასა და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.

„საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა, პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები: ეს არიან ის ადამიანები, ვინც, თავის დროზე, ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი ასაღებდნენ დემოკრატიად და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო დიდი წარმატება. ისინი დღესაც ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტისთვის. ამიტომ, მინდა, მათ, სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ. ეს უნდა შეინახონ და დაიმახსოვრონ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ დაადებენ ბოქლომს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციელებს, შს სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  „სამართალდამცველებმა მინიმალური ჩარევით განახორციელეს მოქმედება და შეძლეს, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოქმედებს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო”.

„თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ შეუძლიათ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, უფრო ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მათ ამისთვის უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატები და პოლიტიკა პარლამენტში. მეორე შეთავაზება არის, რომ გავაგრძელოთ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა პარლამენტმა დაამტკიცოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების ფაქტს და განაცხადა, რომ  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად იცნობს ამ ადამიანს, რომელმაც აჩვენა გმირობის ნამდვილი მაგალითი,  რომელიც ჩვენი შვილებისათვის უნდა იყოს სამაგალითო.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა დღეს განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით პოლიციელები   მადლობას იმსახურებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის. -„მადლობა  პოლიციელების მიმართ აუცილებლად უნდა გახმოვანდეს ჩვენი მხრიდან. რაც მთავარია, დაშლა არ არის აქ მთავარი. მთავარი ამბავი არის ის, რომ ისინი დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს,  პროფესიულად გააკეთეს ყველაფერი და რაც მთავარია, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, თითოეული ადამიანის უფლებას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს თითოეული პოლიციელი“, - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე იმ მოქალაქეების სწორი სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვინც პოლიციის მოწოდებას დაემორჩილა და ესკალაციას ხელი არ შეუწყო. ეს არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პროვოკაციებში არ ჩაბმულიყვნენ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოვლენებს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გვთავაზობს ისეთ რამეს, რასაც პროცესები ბუნებრივად  ჩიხში შეჰყავს.

„აყენებენ მოთხოვნას განზრახ, შეგნებულად და პროვოკაციულად იმგვარად, რომ მისი თეორიულად გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს. მაგალითად ისინი გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 75-ს, გერმანულ მოდელზეა საუბარი და გვიმტკიცებენ რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ პრინციპს, იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულები მოქმედებს საქართველოში და, თურმე, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში შეგვძლებია გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები საქართველოში და ეს არ გვცოდნია. არ მგონია სწორი იყოს საკუთარი მოქალაქეების მოტყუება, თუნდაც იმ  მოქალაქეების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე  პარლამენტის გადაწყვეტილებას“,  - განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძის აზრით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, თუ რა ხდება სინამდვილეში, უნდა იცოდნენ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში.  სინამდვილეში გვაქვს ერთი ფრთა ბოკერიას ჯგუფი, მეორე ფრთა სააკაშვილის სახით, და ამ ადამიანების შიდა ჭიდილს და დუღილს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა - ამას გვთავაზობენ ჩიხური მოთხოვნებით“.  მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს მათ ყველაზე დიდი გაწბილება იმით მიიღეს, რომ ყველაფერი გართულების გარეშე დასრულდა. „ყველაზე მეტად რაც არ აწყობდათ, სწორედ ეს არის რომ არ მოყვა გართულება, საბედნიეროდ არ მოყვა დაზიანება  არც ერთი ადამიანის და პროფესიონალურად დასრულდა ეს ღონისძიება“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ თითოეული მოქალაქის წინაშე, უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ მოქალაქეს, მათ ჯანმრთელობას, თითოეული ადამიანის გამოხატულ პროტესტს უნდა გავუფრთხილდეთ, გავითვალისწინოთ, გავიზიაროთ მაქსიმალურად - ეს არის ჩვენი ვალი და არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე კი ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი იმ დროს წითელ ხიდზე გარბოდა.

რაც ყველაზე მთავარია, თუ კონსტიტუციაზეა ლაპარაკი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული სისტემის ჩაწერა, ეს გავაკეთეთ ჩვენ და როდესაც პირველივე ვერსიაში ეწერა, რომ 2020 წელს ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, მათ გამოუცხადეს ამას ბოიკოტი, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პროპორციულ სისტემაზე ვერ გადასვლას 2020 წლისათვის, ანუ უბრალოდ ვადის არ გადმოწევას აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე. ეს უნდა ახსოვდეს ყველას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე, უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის. ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისის დროს, წინა ხაზზე დგანან და მათი სახეები არ იყო შემთხვევითი.

ჩვენ მაჟორიტარებმა, და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული, მაგრამ მე ვფიქრობ -  ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ასევე, ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს.

პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მითუმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები სამალავად. ჩვენ, მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს. ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

მან ოპოზიციას ურჩია მოემზადონ არჩევნებისათვის და დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

„მათ არავინ ზღუდავს და არავინ ბლოკავს მითუმეტეს კი ისე, როგორც ისინი შეეცადნენ დღეს დაებლოკათ პარლამენტი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს ამოცანის ზემაღალი სიზუსტით შესრულებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა.

„ექიმებს არ აქვთ საზღვრები. ისინი ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა თუ ეთნოსის გარეშე ემსახურებიან ნებისმიერ პაციენტს. ექიმების უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პაციენტების უფლებების უხეშ დარღვევას. იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაჟა გფრინდაშვილი, რომელთანაც მე უშუალოდ მიმუშავია საოპერაციოში, დაუბრუნდება თავის პროფესიას. პაციენტებს მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა სამ ასპექტზე, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიხსენოს და გაიაზროს, -„პირველი საკითხი არის  სიმბოლო ნაცმოძრაობისა, რომელსაც აუცილებლად ეწერა აღზევება რომ არა ძალიან მკაფიო პოზიცია და საზოგადოების განწყობა ამ სიმბოლოების მიმართ, ეს სიმბოლო არის კასრები, ეს კი არა ქუჩაში რომელიც იყო, ის კასრები რომელიც აღმოაჩინეს საწამებელ ადგილებში და ის ყავარჯნიანი კაცი, რომელიც ძალადობდა. აი, ამ ყავარჯნებიდან ჩამოგდების გამო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელი ყველაზე საძულველი და ყელში გაჩხერილი იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სიმბოლოებს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს“.

მეორე ასპექტი, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა გაამახვილა ყურადღება, არის დეზინფორმაცია, კერძოდ ის, რომ მედია საშუალებების თქმით,  სპეცოპერაცია ჩატარდა იმისათვის, რომ პარლამენტში ბიუროს სხდომა გამართულიყო. გია ვოლსკის განმარტებით, მედია არ საუბრობს იმაზე, რომ  არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს მასწავლებლების, პოლიციელების, იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფოს და ხალხს ემსახურებიან. მისი თქმით, ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა იმიტომ, რომ „დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას  რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა, რადგანაც აზრი რეალურად გაიყო, - „ამათ რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა იყოს ერთსა და იმავე აზრზე,  არ არის ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პოლიტიკური ძალისხმევა და შეგნება გამოვავლინეთ   მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

განცხადებების შემდეგ, ბიურომ განიხილა პარლამენტის 2019 წლის 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი, სადაც 130-მდე საკითხია განსახილველი. მათ შორის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა  შორის მნიშვნელოვანია მიწის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი   „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადური სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რის შესახებაც მოქალაქეები  ყველა შეხვედრაზე სთხოვენ კანონმდებლებს და რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.

მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტი ასევე განიხილავს კანონპროექტს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ“ და  „საქართველოსა და SOCIETE GENERALSE- ს შორის „BPI AE საკრედიტო ხაზის შეთანხმებას“.

პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა ასევე საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, პარლამენტის წევრების განცხადებები საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ, რომელიც ბიურომ ცნობად მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, -„ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანაგუნდელები, რომელთაც ამ კენჭისყრის შემდეგ მიიღეს  ეს გადაწყვეტილება, იმსახურებს ჩვენი მხრიდან პატივისცემას. მათ გააკეთეს ძალიან ბევრი, დიდი შრომა ჩადეს ამ წლების განმავლობაში იმ მიმართულებებში, რომელსაც უძღვებოდნენ. ჩვენთვის ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, რომ მათ დატოვეს უმრავლესობა

თუმცა, მე იმედს მაძლევს ის განწყობა, რომელიც მომავალში ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას,  პროგრესულ ინიციატივებზე, მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით მომავალში კვლავ მივიღოთ მათი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა უმრავლესობის ლიდერს, რომ მიმდინარე კვირაში  გუნდის შიგნით პოლიტიკური კონსულტაციები გამართონ  აღნიშნულ პოლიტიკურ თანამდებობებზე  კანდიდატურების წარსადგენად.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს, 2019 წლის 18 ნოემბერი