პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა

01 ივლისი 2019
პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. 

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ ნულოვანი ბარიერით არის სწორი და დემოკრატიული ნაბიჯი, რითიც ის საზოგადოების დაკვეთას ასრულებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობას: „მივესალმებით ოპოზიციური პარტიების ჩართულობას ამ პროცესში და არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა იქნება საჭირო, იმისათვის, რათა ეს გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტმა, ვინაიდან ოპოზიციის ხმებიც სამი მეოთხედის ფარგლებში იქნება საჭირო, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში განხორციელდეს“.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების ჩატარება 2020 წელს ოპოზიციის მოთხოვნაც იყო თუმცა, გადაწყვეტილება სახელისუფლო გუნდმა მიიღო.

„პროპორციულ არჩევნებზე გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა სახელისუფლო გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რაც იცვლება, ეს არის ვადები და რა თქმა უნდა, ცხოვრება აკორექტირებს ბევრ რამეს, ჩვენ საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა გვესმის, და მიგვაჩნია, რომ სწორ და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დოკუმენტი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის 93 წევრია. ავტორები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არიან.

პარლამენტის ბიურომ დღეს ასევე იმსჯელა საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ , „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ წარდგენილი „გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტის დარეგისტრირებისა და შემდგომი განხილვის თაობაზე.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, როდის დაიწყებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დადგენილების პროექტის განხილვას და როდის იქნება შესაძლებელი მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა.

ამასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ კომიტეტს დატვირთული დღის წესრიგი აქვს მაგრამ მზად არის დადგენილების პროექტის განხილვის თარიღზე კონსულტაციები გამართოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ „პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აუცილებლად გვექნება ივლისში და საკითხი, რომელსაც თქვენ აყენებთ, შეიძლება, გახდეს პოლიტიკური კონსულტაციების საგანი იმისთვის, რომ განვიხილოთ მისი იმ დღის წესრიგში შეტანის შესაძლებლობა“.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებით, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული. მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და დეტალურად მოხდება თითოეული იმ ფაქტის შეფასება, რაზეც არსებობს საჯარო ინტერესი.

„ოპოზიციის ამ ინიციატივას რომ შევეხოთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარები. მათ აქვთ კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული კანონმდებლობით და რეგლამენტით და შესაბამისად, ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს და რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვაც“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში, გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა განახორციელეს.

„ასეთ დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო ვალდებულია, იმოქმედოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამ მოვლენებს აქვს ორი შემადგენელი - ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და არ ვაპირებთ, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს. მეორე ნაწილში, როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება, სახელმწიფომ, პირველ რიგში, დაიწყო პასუხისმგებლობის თავის ნაწილში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითონ დააფიქსირა, ვფიქრობ, ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კონსულტაციების შედეგად, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გადაწყდეს. 

სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საორგანიზაციო საკითხებზე. მათ შორის, ბიურომ ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის გაწევრიანების შესახებ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის ბიურომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 1 ივლისი