პარლამენტის ბიუროს სხდომა

11 მარტი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, ბიუროს წევრებმა 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო.

მინისტრის საათის ფარგლებში, მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე, დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა.

კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საბაჟო კოდექსს“ 29 თანმდევ პროექტთან ერთად განიხილავენ.

ასევე, პირველი მოსმენით თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.

ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო მათ შორის, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონები“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტმა, რომელსაც საჯაროობის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი გააჩნია, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია“- განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ბიუროს სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა.

ერთ-ერთი პროექტი, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსი წევრის მიერ არის მომზადებული.

ხოლო მეორე პროექტი კი, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ავტორობით მომზადდა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ბიუროს წევრებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა.

„ერთ-ერთი წინაპირობა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამოქმედებისთვის არის თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა. ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან დაბეჯითებით გვთხოვენ, რომ საქართველოს მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს ჩვენი ნება და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმას, რომ ამ რეჟიმით სარგებლობა კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში მოხდეს და არ მიეცეს შესაძლებლობა ვინმეს რომ ამ შესაძლებლობით არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს და ამით საფრთხე შეუქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს კონკრეტული მოთხოვნები ჩვენი პარტნიორების მხრიდან რამდენჯერმე იქნა დაყენებული. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რამდენიმე ქვეყანაში. გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას მათ შორის, რომ მივიღოთ საკანონმდებლო ზომები“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზატორები, რომლებიც მატერიალური გამორჩენის მიზნით, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობას ახორციელებენ, მათ მიმართ სანქციების გამოყენება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატად მიხეილ ჩიკვილაძის წარდგენის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარდგინება გააცნო.

ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი „დეცენტრალიზაციის საკითხზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი გააცნო.

„საქართველოს პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის განხილვას უკავშირდება. სწორედ, ამ მიზნით არის წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირებას გულისხმობს და რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ისე დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს არის საკმაოდ შრომატევადი, მნიშვნელოვანი, საყურადღებო პროცესი. ეს არის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტი და მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბოს, რისთვისაც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძემ კოლეგებს, პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლის შესახებ მიმართვა გააცნო. ასევე წარუდგინა, პარლამენტის წევრების სულხან მახათაძისა და რომან მუჩიაშვილის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლისა და ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ.

ბიუროს სხდომაზე ასევე, გაეცნენ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ მიმართვას პარლამენტის წევრის იოსებ მაკრახიძის ფრაქციიდან გასვლისა და მისი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველებში“ გაწევრიანების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს წევრებს პარლამენტის წევრის კობა ნარჩემაშვილის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ და ასევე, მისი საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შესახებ მიმართვა გააცნო.

პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი აღარ იქნება და ის ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანდება.

ბიუროს სხდომაზე ასევე, განიხილეს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიმართვა პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის ფრაქციიდან გასვლის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ გადის, თუმცა რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში.

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანდება, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, ხოლო ნატო ჩხეიძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანდება. ასევე, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, კობა ნარჩემაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანდება.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირის პლენარულ სხდომებზე 80-ზე მეტი საკითხის განხილვას გეგმავს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 11 მარტი