პარლამენტის ბიუროს სხდომა

16 სექტემბერი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, პარლამენტის 17-20 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირას ასამდე საკითხის განხილვას გეგმავენ. მინისტრის საათის ფორმატში, პირველად პარლამენტარები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „საინტერესო სხდომა იქნება, მნიშვნელოვანი თემებია თავმოყრილი და ძალიან საინტერესო იქნება მინისტრის საათში მოვუსმინოთ ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირაში ასევე მოისმენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას არჩევას და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ბერაიას.

„მე იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად უზრუნველყოფს ის კომისიის მუშაობას და მნიშვნელოვან საერთო ეროვნულ საკითხებზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამ კომისიაში იქნება შეთანხმება და სწორი გადაწყვეტილებები და სწორი ნაბიჯები გადადგმული. წარმატებები ბატონ ირაკლი ბერაიას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც მიიღო გადაწყვეტილება და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. კომიტეტების მომართვის საფუძველზე, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

ბიუროს წევრებმა მოისმინეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სამუშაო ჯგუფმა დეცენტრალიზაციის რეფორმის დოკუმენტზე ექვსთვიანი მუშაობა დაასრულა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩვენ ამით ვიძლევით ახალ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის, რომ მათ უფრო ეფექტურად უპასუხონ ადგილზე იმ გამოწვევებს, საკითხების მოგვარება შეძლონ უფრო მოკლე ვადებში და ეფექტურად, რასაც სვამს მათ წინაშე ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა ქალაქში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს რომლებიც ჩართული იყვნენ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში. ბიუროზე წარდგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტი გადაიგზავნება საქართველოს მთავრობაში შემდგომი პროცედურებისათვის.
არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კოლეგებს გაწეული მუშაობისათვის: „ეს არის მნიშვნელოვანი თემა, მით უმეტეს იმ ჭრილში, როდესაც ჩვენ განვიხილავთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქ, ბუნებრივია, თვისობრივად იზრდება თვითმმართველობების როლი და მოლოდინები მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს პროცესი, ეს რეფორმა და სტრატეგიული გეგმა, ამ მხრივ, შინაარსობრივად კავშირშია ჩვენს მიერ მართულ მეორე რეფორმასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის წინადადებას იმ დადგენილების პროექტის თაობაზე, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა და რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება.

ოთარ კახიძის განაცხადებით, ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში შევიდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“; ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ შემოღებულ იყოს სანქცია ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამ საკითხზე კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო და უცნაურია კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილების გარჩევა ბიუროზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია სპეკულირებს ოკუპაციის თემით, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თუმცა, კარგად იციან, რომ ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„დაუშვებელია ისეთი თემით სპეკულირება, როგორიც არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა, ოკუპაცია, უსაფრთხოება, რისკებზე ყურადღების არმიქცევა და ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეს ეროვნულ ინტერესებს, საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის რაღაც ქულების მინიჭება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რაც შესაბამის რეზოლუციებში არის ასახული.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს.

„აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. არ გამოვა ასე, რომ თქვენ თქვენი დღის წესრიგი დაალაგოთ და ამაში ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი განმარტება ბიუროს სხდომაზე გააკეთა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებებს უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უმრავლესობის პოზიციის შესახებ მკაფიოდ და ამომწურავად უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ უკვე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის აზრით, ალოგიკურია „ევროპული საქართველოს“ მიდგომა და გაგება „კონსტრუქციული თანამშრომლობის” მიმართ: „როგორც ახლა ამბობთ, თუ მართლა შეთანხმება და საერთო გადაწყვეტილების მიღება გინდოდათ, რამ შეგიშალათ ხელი კონსულტაციის გამართვაში? ჯერ გვესაუბრა და მერე გაგეკეთებინათ ინიციირება - თქვენ პირიქით გააკეთეთ. თუ გსურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და შეთანხმება, კომისია გვაქვს და მოდით, იქ ვილაპარაკოთ ასეთ საკითხებზე“.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ თავის დროზე, როცა პარლამენტში პარტიებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა და რეზოლუციაც იყო მიღებული. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მართვაზე, საგარეო პოლიტიკაზე და დეოკუპაციის სტრატეგიაზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს და ხელისუფლებას აქვს და ისე ვერ მოხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას: „თუ ქვეყანას და ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან ამოცანებში გსურთ დაეხმაროთ, ამას ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება, რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი სტრატეგია და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას“.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის დადგენილებასთან დაკავშირებული კამათი არჩილ თალაკვაძემ მოკლედ დაასრულა: „ყველაფერი შედეგებით უნდა შევაფასოთ: წინა წლებში რუსეთის აგრესიის შედეგად დავკარგეთ 200-ზე მეტი სოფელი, დავკარგეთ ჯარისკაცები და დაიღუპნენ მოქალაქეები, დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა და ბევრად გაიზარდა დევნილების რიცხვი. მას შემდეგ გრძელდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ შევძელით მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფა, შევძელით პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება. პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და უსაფრთხოება, ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, დემოკრატია და ინსტიტუტები. ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა არის მშვიდობა და მშვიდობიანი გზით ქვეყნის გამთლიანება. პროვოკაციებს ჩვენ არ წამოვეგებით და გაუაზრებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაშიც შეიძლება შემდეგ მძიმე ფასი ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადონ”.

„აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. თუ თქვენ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ ეს თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს, ამ პროგრამით შეხვდით საზოგადოებას და სცადეთ მიიღოთ მხარდაჭერა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის პლენარული სხდომა 17 სექტემბერს, 12 საათზე გაიმართება, მანამდე კი 11 საათზე შედგება ბიუროს სხდომა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი