პარლამენტის ბიუროს სხდომა

20 მარტი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის - 22-24 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს, ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

დღის წესრიგის მიხედვით, კენჭსაყრელი ერთი საკითხია - კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. განსახილველ საკითხთა შორის კი რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტია. მათ შორისა: პარლამენტის დადგენილების პროექტი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“, ასევე კანონპროექტები - პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესის ცვლილებას); „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (უქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და ცვლილება ეხება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებს, ასევე სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესს).

პლენარულ სხდომებზე იგეგმება როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, ასევე - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის. ამ უკანასკნელის მიხედვით, განსაზღვრულია 12 აგვისტო გამოცხადდეს როგორც საქართველოს დიადი გამარჯვების დღე და ეს თარიღი შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატოს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობისას, ბიურო დაეთანხმა ავტორთა ინიციატივას „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის და მისი თანმხლები საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვის თაობაზე. ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხი ეხება კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღების ვადის გადაწევას 1 ოქტომბრამდე. მისი თქმით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში კომპლექსური რეფორმა ხორციელდება და ნორმატიული აქტების მიღების ვადად 1 აპრილი განისაზღვრა, ეს ვადა კი არაა საკმარისი იმისათვის, რომ კომპლექსური დოკუმენტაციის მიღება მოესწროს. მისივე ინფორმაციით, კომიტეტთან შეიქმნება კომისია, რომელიც იმას, თუ როგორ წარიმართება ამ ფართომასშტაბიანი რეფორმის იმპლემენტაციის პროცესი, თვალყურს მიადევნებს.

საორგანიზაციო საკითხების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტისადმი მომართვის შესახებ, რომლის მიხედვით 1 მარტს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნდა. საკითხი განსახილველად გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, შემდეგ კი მას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ბიურომ დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება.

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა, ბიუროს წევრების ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიაპყრო და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართონ და კარგი იქნება, თუკი პარლამენტი ამ ფაქტს გამოეხმაურება.

შემაშფოთებელია ის, რაც ნამდვილად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მეგობრები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ პარტნიორებთან და შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები შესაძლო დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა 22 მარტს, 11.30 საათზე, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება, პლენარული სხდომა კი მუშაობას 12 საათზე შეუდგება.